Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა „ჰამასს“ "მოჯაჰედების განმათავისუფლებელი ჯგუფი" უწოდა


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „ჰამასს“ ტერორისტულს უწოდებენ.

ერდოანის თქმით, ორგანიზაცია წარმოადგენს „მოჯაჰედების განმათავისუფლებელ ჯგუფს, რომელიც თავისი მიწისა და მოქალაქეების დაცვას დარაჯობს“, - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

გარდა ამისა, ერდოანმა ისრაელში თავისი ვიზიტის გაუქმების შესახებაც განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა ისრაელთან ურთიერთობის საბოლოო ნორმალიზებას გეგმავდა, მაგრამ მან „თურქული მხარის კეთილგანწყობა ბოროტად გამოიყენა და არ გადადგა საპასუხო ნაბიჯები“.

ერდოანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, პალესტინის მხარის გარანტორი გახდეს ისრაელთან კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

გასული წლის ბოლოს ისრაელმა და თურქეთმა სრულად აღადგინეს ურთიერთობები ელჩების დონეზე. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს პალესტინელების უფლებების დაცვას.

ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 2010 წლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ღაზის სექტორიდან გამოსული თურქული გემი დააკავა.

2018 წლის მაისში კი თურქეთმა ისრაელის ელჩს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. ამ ამბის ფონი იყო ღაზაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, ისრაელის დაარსების 70-ე წლისთავისა და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ, რა დროსაც დაიღუპა 60 პალესტინელი.

XS
SM
MD
LG