Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი რუსეთის მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხში არ მონაწილეობს


ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი არ მონაწილეობს უკრაინაში მებრძოლი, ტყვედ ჩავარდნილი ორი ქართველი სამხედროს გამოხსნის საკითხში. ამის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ.

ლევან იოსელიანის თქმით, რუს კოლეგასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ჩვენ ამ ნაწილში ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ. თუ ჩართვის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. აქ საუბარია სახალხო დამცველის მხრიდან შესაბამის კოლეგა უწყებასთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, საუბარია რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციაზე, რაც მე არ დამიმყარებია ჯერჯერობით და ამის აუცილებლობას ახლაც ვერ ვხედავ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათთან კავშირზე ვართ და გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა და როგორ ხდება. რაც შეეხება უფლება-დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე მე არანაირი კომუნიკაცია ჩემს რუს კოლეგასთან არ მქონია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დატყვევებულთა გამოკითხვის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ.

უკრაინის ომში მონაწილე ინტერნაციონალური ლეგიონის წევრების, საქართველოს ორი მოქალაქის დატყვევების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობის რესურსი არ აქვთ, ვინაიდან საქართველო არ არის კონფლიქტის მხარე. "ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში", - განაცხადა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში დატყვევებული საქართველოს ორი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.

XS
SM
MD
LG