Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ ისევ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა


ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან
ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი დროებითი დაფინანსების შესახებ, რომელიც პირველი ნაბიჯია ე.წ. შათდაუნის, სამთავრობო დაწესებულებების დახურვის თავიდან ასაცილებლად და არ მოიცავს უკრაინის და ისრაელის დახმარებას.

კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა პალატის 336-მა წევრმა. 96 წინააღმდეგი იყო.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებით კენჭისყრაზე 14 ნოემბერს გამოტანილი კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის დემოკრატები სჭარბობდნენ. ფედერალური უწყებების დაფინანსების გაგრძელებას მხარი დაუჭირა 209 დემოკრატმა და 127-მა რესპუბლიკელმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების და პროგრამების ნაწილის დაფინანსების გაგრძელებას 2024 წლის 19 იანვრამდე და ნაწილის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს - 2 თებერვლამდე.

კანონპროექტი გადაეცა კონგრესის ზედა პალატას - სენატს. შეერთებული შტატების სენატმა, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, კანონპროექტი 18 ნოემბრამდე უნდა დაამტკიცოს და მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების მთავრობა ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ამჟამად აშშ-ში მოქმედებს კონგრესის მიერ სექტემბრის ბოლოს დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის ვადა 17 ნოემბერს ამოიწურება. წარმომადგენელთა პალატაში ამ დოკუმენტის მხარდაჭერის გამო, კონსერვატორი რესპუბლიკელების ჯგუფის ინიციატივით და დემოკრატების ხმების წყალობით, თანამდებობიდან გადააყენეს პალატის სპიკერი კევინ მაკართი. მისი გადადგომის ინიციატორმა რესპუბლიკელებმა CNN-ს განუცხადეს, რომ მორიგი დროებითი ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო ამჟამინდელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის „დასჯას“ არ აპირებენ.

აშშ 2024 წლის სრულყოფილი ბიუჯეტის მიღებას ვერ ახერხებს ზოგიერთ პარამეტრზე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოების გამო. მათ შორისაა უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, 2 ნოემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.

XS
SM
MD
LG