ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თითქმის მთლიანად ამოწურა უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილი თანხა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოიყო. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ აქვს კონგრესის თანხმობა დაფინანსების გასაგრძელებლად.
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ვაშინგტონში 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხის 96% უკვე დახარჯულია. თანხა 60 მილიარდ დოლარს აჭარბებდა და განკუთვნილი იყო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარული და საფინანსო-ეკონომიკური დახმარებისთვის. თანხის 90% სამხედრო მიზნებით დაიხარჯა.
კირბის ინფორმაციით, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი დარჩა ზამთრისთვის უკრაინის სამხედრო მარაგის შესავსებად. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუცილებლად მიიჩნევს ახალი ფინანსური პაკეტის რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცებას.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, 2 ნოემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
31 ოქტომბერს, სენატის ასიგნებების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.