Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ღაზაში 4-საათიანი პაუზები იქნება


ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი

ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში პერიოდული პაუზები იქნება, თუმცა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებს მიზნების მიღწევამდე არ შეწყვეტს.

თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განმარტა, რომ ისრაელის არმიის მიერ 9 ნოემბრიდან გამოცხადებული პერიოდული, 4-საათიანი პაუზები გავლენას არ მოახდენს ღაზაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე. გალანტის განცხადებით, ცეცხლს არ შეწყვეტენ მძევლების გათავისუფლებამდე და „ჰამასის“ განადგურების და მისი სამხედრო და მართვის პოტენციალის დემონტაჟის მისიის შესრულებამდე.

გალანტის თანახმად, ყოველდღიური 4-საათიანი პაუზების მიზანია, სამოქალაქო პირებს მისცენ ქალაქ ღაზიდან სამხრეთში წასვლის შესაძლებლობა და თავიდან აარიდონ შესაძლო ზიანი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად არმიის ჯარისკაცები ქალაქ ღაზის ცენტრში მოქმედებენ და საკმაოდ ახლოს არიან ღაზის პორტთან. გალანტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე ისიც განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ ახალი მეთოდებით დაიწყო „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების განადგურება.

9 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი დათანხმდა ყოველდღიური პაუზების გამოცხადებას, რათა ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას ჰქონდეს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გასვლის შესაძლებლობა.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ ისრაელის ლიდერებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ესაუბრებოდა ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება და მძევლების გათავისუფლება და გაიზარდოს ღაზისთვის სურსათის, წყლის და მედიკამენტების მიწოდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინფორმაციით, ორი დღის წინ ღაზის სექტორში შევიდა 96 სატვირთო ავტომანქანა, შემდეგ კი - 106. ბაიდენის თანახმად, პროცესი უნდა დაჩქარდეს, მასშტაბი გაიზარდოს და ღაზის სექტორში ყოველდღე უნდა შევიდეს სულ მცირე 150 ავტომანქანა. ღაზის სექტორში საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთი ეგვიპტის ტერიტორიიდან შედის.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 10800-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
XS
SM
MD
LG