Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არმია „ქალაქ ღაზის გულშია“


ქალაქი ღაზა
ქალაქი ღაზა

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის ცენტრამდე მიაღწიეს. რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ ქალაქი სრულ ალყაში მოაქციეს.

„ჰამასთან" ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 7 ნოემბერს ღამით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ არმიის ჯარისკაცები „ქალაქ ღაზის გულში" იმყოფებიან. გალანტმა ქალაქ ღაზას უწოდა „ტერორისტების ერთი დიდი ბაზა" და თქვა, რომ მის დემონტაჟს განაგრძობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ომის დაწყებიდან ერთ თვეში, ღაზის სექტორში იერიში მიიტანეს „ჰამასის" 14 000-ზე მეტ ობიექტზე და გაანადგურეს ძირითადი ინფრასტრუქტურა და იარაღი.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელს ომი თავს მოახვიეს და ამ ომს მიზნის მიღწევამდე ვერ შეწყვეტენ. ისრაელს მიზნად გამოცხადებული აქვს „ჰამასის" სრულად განადგურება.

იოავ გალანტმა დაადასტურა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა არ გამოცხადდება „ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლების გარეშე.

7 ნოემბერს, ღამით, ისრაელის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას, პრაქტიკულად, იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისი ინფორმაციით, ისრაელის არმია ქალაქ ღაზის შუაგულში მოქმედებს.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 10300-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
XS
SM
MD
LG