Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას და დოთიაშვილის გადმოცემას მოითხოვს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

ერგნეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით გამართული საგანგებო შეხვედრა დასრულდა. თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა: გატაცებული 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა.

როგორც შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, დოთიაშვილი არის "ოქროს მოწმე".

„დასრულდა საგანგებო შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი კითხვები, რაც არის გაჟღერებული, ეს არის მეორე უკანონო დაკავებულის, რომელიც ამჟამად ცხინვალში იმყოფება, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯა.

ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან დასტურს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ჩვენი მოქალაქის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობის პირველი შემთხვევა.

ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია მკვლელობასთან დაკავშირებით არის ის, რომ რაც მოხდა ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს... ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოკლული კი გადასვენებულია პროზექტურაში", - თქვა ირაკლი ანთაძემ.

დე ფაქტო ვერსია

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „კაგებე"-მ. ცხინვალში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პატრულმა ავტომანქანაში „საზღვრის" ორი დამრღვევი აღმოაჩინა, რომლებიც „ნასვამ მდგომარეობაში“ იმყოფებოდნენ.

„დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამნაშავეებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით გადაევლოთ მესაზღვრისთვის და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ“, - ნათქვამია ე.წ. კაგებე-ს განცხადებაში.

დე ფაქტო ვერსიის თანახმად: „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს". ამავე ცნობით, სროლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს.

როგორც სუს-ის წარმომადგენელი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას პერმანენტულ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან - საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ანთაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს, ერთადერთი უკუკავშირი, რაც მეორე მხრიდან მიიღეს, იყო ის, რომ აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან. ამასთან, აღნიშნეს, რომ დოთიაშვილი არ არის დაჭრილი.

სუს-ის წარმომადგენელმა შეხვედრაზე მიიღო ცნობა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლისგან, რომ ინციდენტი მოხდა იქ, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები პერმანენტულად ხელს უშლიან ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მოინახულონ ტაძარი.

„ტაძარი, სამწუხაროდ, მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტი ლოკაციის განსაზღვრა ვერ მოახერხეს, შესაბამისად, სამუშაოები გაგრძელდება, რათა დავადგინოთ ყველა დეტალი", - თქვა ანთაძემ.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან ცხელი ხაზით შეიტყო, რომ ადგილზე მისულიყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. „ის გამოცხადდა, მაგრამ სამწუხაროდ გარდაცვლილი დახვდათ", - დაამატა ანთაძემ.

შეკითხვაზე, მოითხოვეთ თუ არა, გადმოცემა, ანთაძემ უპასუხა: „ჩვენ მოვითხოვეთ დასჯა და, რა თქმა უნდა, მათი გადმოცემა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების პასუხი ამაზე ნათელია...რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არ დაასახელეს მონაცემები დამნაშავეების იდენტიფიკაციის შესახებ, მათ უბრალოდ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც კირბალის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ".

ირაკლი ანთაძეს ვერ წარმოუდგენია საოკუპაციო ძალებთან ერთად ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა. დოთიაშვილის გადმოცემის საკითხზე კი აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ".

ანთაძის განცხადებით, ამჟამად სოფელ მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ საქართველოს საპოლიციო ძალები.

სუს-ის ცნობით, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი. თამაზ გინტური არის გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმა.

კირბალში გორის მერიის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უამბო 6 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მისი თქმით, ადგილობრივებმა უთხრეს, რომ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიის ნიშთან სანთლის ასანთებად წავიდნენ. მოგვიანებით, მოსახლეობამ სროლის ხმა გაიგო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნით, 6 ნოემბერს ერგნეთში გაიმართა ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ოფიციალური თბილისის გარდა მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG