Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმას უწოდებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი „ტვიტერი") გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებას ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად აფასებს.

„ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.

სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სუს-ის ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.

„6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით", - აცხადებენ სუს-ში.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა დავით ქაცარავამ „ფეისბუკ"-LIVE-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე ლომისის ეკლესიის მიმდებარედ მოკლეს.

2023 წლის აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მთაზე განთავსებული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშის კარი საოკუპაციო ძალებმა თუნუქის ფირფიტით აჭედეს.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხელი ხაზის მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

2023 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა სოფელ კირბალში მდებარე ლომისის ტაძრის შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა ტაძრის შესასვლელი აჭედეს.

„ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც იმ ლომისის ტაძარში, რომელიც არის გორის რაიონში. იქ ასე დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. მისვლის საშუალებაც არ აქვს არავის. ეს არის საფრთხილო ზონა. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა. ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა - 2008 წლის ომის მერე", - თქვა დეკანოზმა.

XS
SM
MD
LG