ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაენი კიევში ჩავიდა. ის დღეს სიტყვით გამოვა ვერხოვნა რადაში.
„სასიამოვნოა ომის დაწყებიდან მეექვსე ვიზიტით დაბრუნება კიევში“, - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) გამოაქვეყნა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ის ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, რომელიც მას პირადად დახვდა რკინიგზის სადგურზე, განიხილავს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გზებს, ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
მანამდე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია მუშაობს წინადადებაზე, რომ გაყინული რუსული სახსრებიდან მიღებული მოგების ნაწილი გამოიყენოს უკრაინისა და მისი ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის.
უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივების მოცულობა 211 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა კვლავ ახსენა ევროკავშირის უკვე შეთანხმებული პოზიცია, რომ მოსკოვმა უნდა გაიღოს უკრაინის აღდგენის ხარჯები.
ამასობაში NBC News-ის წყაროები იტყობინებიან, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის წარმომადგენლებმა უკრაინასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაზე მსჯელობა. ტელეარხის წყაროთა თქმით, საუბარი შეეხო იმას, თუ რაზე შეიძლება მოუწიოს უკრაინას უარის თქმა შეთანხმების მისაღწევად.
თავის მხრივ, ნატო მზად არის, უკრაინას შესთავაზოს „უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები“, რომლებიც რუსეთს შეაკავებს უკრაინის ტერიტორიაზე ხელახალი შეჭრისგან.
არხის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დისკუსია დაიწყო შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების შეშფოთების ფონზე, რომ ომი ჩიხში შევიდა და რომ ისინი ვერ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.