Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NBC: აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვა


უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი (მარჯვნივ). ვაშინგტონი, 21 სექტემბერი, 2023.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი (მარჯვნივ). ვაშინგტონი, 21 სექტემბერი, 2023.

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკრაინასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე მსჯელობა. ამის შესახებ NBC News-ი წერს აშშ-ის ორ მაღალჩინოსანზე - ერთ მოქმედ და ერთ ყოფილზე - დაყრდნობით.

რამდენიმე „დელიკატური“ დისკუსია ოქტომბერში გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. არხის თანამოსაუბრეების თქმით, შეხვედრებზე საქმე ეხებოდა იმას, თუ რაზე შეიძლება მოუწიოს უკრაინას უარის თქმა შეთანხმების მისაღწევად.

თავის მხრივ, ნატო მზად არის, უკრაინას შესთავაზოს „უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები“, რომლებიც რუსეთს შეაკავებს უკრაინის ტერიტორიაზე ხელახალი შეჭრისგან.

არხის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დისკუსია დაიწყო შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების შეშფოთების ფონზე, რომ ომი ჩიხში შევიდა და რომ ისინი ვერ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას. მოხელეთა თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ასევე შეშფოთებული არიან, რომ უკრაინას ძალები ეწურება - მაშინ, როცა რუსეთის შემთხვევაში ისინი „უსასრულო ჩანს“.

ამავე დროს, ბაიდენის ადმინისტრაცია ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, აღნიშნავენ NBC News-ის თანამოსაუბრეები. მათი სიტყვებით, როგორც დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, პუტინი იმედოვნებს, რომ „ლოდინში აჯობებს დასავლეთს“ ან განაგრძობს ბრძოლას მანამ, სანამ დასავლეთის ქვეყნები არ გადაწყვეტენ, შეწყვიტონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ან სანამ ეს დახმარება ძალიან ძვირი დაჯდება.

ოფიციალური პირების თქმით, უკრაინას დრო აქვს ამ წლის ბოლომდე ან ცოტა მეტ ხანს, რის შემდეგაც დაიწყება „უფრო სასწრაფო დისკუსიები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ“.

საჯაროდ აშშ-ის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ ისინი უკრაინას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ ან რომ მასთან საერთოდ მიმდინარეობს ასეთი დისკუსიები. „მოლაპარაკებების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინის მისაღებია. ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, რადგან ის საკუთარ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იცავს რუსული აგრესიისგან“, - თქვა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა.

XS
SM
MD
LG