Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსულ დივერსიულ ჯგუფებზე" გაკეთებული განცხადების გამო სუსს სააკაშვილის გამოკითხვა უნდა


მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვის დროს
მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვის დროს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოკითხვა უნდა, მისსავე სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო. 30 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში „რუსების დივერსიული ჯგუფია შემოსული“.

"სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, [ოთარ] ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით...

მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება", - წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის გადაწყვეტილება მიიღეს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო.

რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში "რუსების საფარქვეშ შემოსულია დივერსიული ჯგუფი“, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ევალება. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციაზე ვერ წამოაგებენ, მაგრამ საჭიროა კონსოლიდაცია და სამოქალაქო თავდაცვა „რუსული დივერსიული ჯგუფების, რუსების მოქმედებების და საინფორმაციო პროვოკაციების გარშემო“.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს.

გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელშიც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG