Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოში „რუსების დივერსიული ჯგუფია შემოსული“


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" ერთვება სასამართლოს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის განხილვის სხდომაზე. 30 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" ერთვება სასამართლოს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის განხილვის სხდომაზე. 30 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში "რუსების საფარქვეშ შემოსულია დივერსიული ჯგუფი“, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ევალება. საეჭვო პირებზე ინფორმაციის შესაგროვებლად, სააკაშვილის ინიციატივით, უნდა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ვიდეოზარის მეშვეობით ჩართვისას.

„იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს ანტიქართულ გამოსვლებზე. მათ შორის, ჩემი ინფორმაციით, არის დივერსიული ჯგუფი შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების (არ ისმის. რედ.)... და დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის პირს, რომელიც არის ამ ხალხს შორის. ასი ათასზე მეტია ეს ხალხი ... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის დივერსიული ჯგუფი შემოსული ამ რუსების საფარქვეშ, ეს დივერსიული ჯგუფი არის ძალიან ცუდი განზრახვებით - ისინი არიან შეიარაღებული, ისინი იმართებიან პირველი მთავარი სამმართველოდან რუსეთის არმიის და ამ სიტუაციაში გვჭირდება კოორდინაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ასევე როგორც არასდროს, გვჭირდება კოორდინაცია ჩვენს ხალხთან და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციაზე ვერ წამოაგებენ, მაგრამ საჭიროა კონსოლიდაცია და სამოქალაქო თავდაცვა „რუსული დივერსიული ჯგუფების, რუსების მოქმედებების და საინფორმაციო პროვოკაციების გარშემო“.

დღეს, 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების - დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის - საქმის განხილვა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილს გაუთიშა ჩართვა, რომელიც ვიდეოზარის მეშვეობით ხორციელდებოდა კლინიკა "ვივამედიდან". თავისი მოქმედება მოსამართლემ იმით განმარტა, რომ სააკაშვილის ჩართვა სცდებოდა საქმის არსებით შინაარსს.

მოსამართლის ამ მოქმედებას სააკაშვილის ადვოკატების პროტესტი მოჰყვა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ის შეაფასა, როგორც "არაჰუმანური".

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს.

გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელშიც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG