Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული“ - მოსამართლემ სააკაშვილს კამერა გამოურთო


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" ერთვება სასამართლოს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის განხილვის სხდომაზე. 30 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" ერთვება სასამართლოს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის განხილვის სხდომაზე. 30 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდების საქმე განიხილებოდა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბრალდებულ სააკაშვილს გაუთიშა ჩართვა, რომელიც ვიდეოზარის მეშვებით ხორციელდებოდა კლინიკა "ვივამედიდან".

მანამდე მოსამართლემ სააკაშვილს რამდენჯერმე მისცა მითითება, დაესრულებინა საქმის არსთან დაუკავშირებელ თემებზე საუბარი.

"მას შეიძლება უსასრულოდ გაერძელებინა, მისი უსასრულოდ მოსმენის ვალდებულება არ მაქვს. მან გამოხატა თავისი პოზიცია, რომ მის ადვოკატებს უცხადებს ნდობას, რომ გააგრძელონ პროცესი. ამის შემდეგ, როცა მას უნდა დაესრულებინა, გადავიდა სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, რისი საშუალებაც სასამართლომ უკვე აღარ მისცა და მოახდინა მისთვის საუბრის შეწყვეტინება", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

მოსამართლის ამ ქცევას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების პროტესტი მოჰყვა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომას დარბაზში ვერ ესწრება და კლინიკიდან დისტანციურად ერთვება, მისთვის კამერის გამორთვა "უტოლდება, ფაქტობრივად, გაძევებას". მან მოსამართლეს უთხრა, თუ "ამას გაძევებას არ არქმევთ და თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ ამ საქმის გაგრძელების". მანვე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, საქმისგან თვითაცილება მოეხდინა. ამასთან, ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლის ქცევას "არაჰუმანურ ქცევაზე ნაკლები შეფასება ვერ ექნება".

ადვოკატი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და შესაბამისად, განმარტავდა, რომ მიხელ სააკაშვილს ჰქონდა პროცესზე პოლიტიკური განცხადებების უფლება.

"მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო საქმიანობა და მისი გარკვეული ასპექტები გამოცხადებულია დანაშაულებრივად და დღეს რომ მიხელ სააკაშვილმა თავის განცხადებაში ისაუბროს საერთაშორისო მოვლენებზე, ეს საქმესთან კავშირში რატომ არ არის? ამის წინასწარ შეფასებას სასამართლო რატომ ახდენს?" - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი დარბაზში რომ ყოფილიყო, მოსამართლის მოწოდებებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, შეიძლება იგი გაეძევებინა დარბაზიდან, ამ შემთხვევაში კი საუბარი შეაწყვეტინა.

"გაძევება სხვაა, საუბრის შეჩერება სხვაა. საუბრის შეჩერების უფლება მოსამართლეს აქვს, კერძოდ, საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის მეორე ნაწილით", - განაცხადა მოსამართლემ, რომლის თქმითაც, ამ შემთხვევაში გამოიყენა "ნაკლებად შემზღუდავი, ნაკლებად რეპრესიული ზომა, რაც არის მისთვის საუბრის შეჩერება".

მოსამართლემ არც აცილებასთან დაკავშირებით ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან წინააღმდეგობის გამო დარბაზიდან გააძევა ორი ადამიანი, მათ შორის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე.

ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, საქმეზე შემდეგი სხდომა 20 ნოემბერს, 12 საათზე ჩატარდება და მიხეილ სააკაშვილს მიეცემა გონივრული ვადა სიტყვით წარდგომისთვის.

სიტყვის შეწყვეტამდე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მოსამართლემ მას დისტანციური ჩართვის კამერა მაშინ გამოურთო, როდესაც ბრალდებულმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე დაიწყო ლაპარაკი. მოსამართლემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სასამართლოზე "პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მიწვეული".

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს.

გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელშიც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG