Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინოდის წევრები უარყოფენ სხდომაზე პატრიარქის გადადგომის საკითხის განხილვას


საქართველოს საპატრიარქოს შესასვლელი
საქართველოს საპატრიარქოს შესასვლელი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. მას გაუძღვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ილაპარაკა კრებაზე განხილული საკითხების შესახებ.

„იყო საკითხები, რომლებიც ეხებოდა თვითონ ეკლესიის შიგნით მიმდინარე საკითხებს, ასევე - საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობას და როლს. იყო [საკითხები] შიდა საეკლესიო მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ასევე საეკლესიო ტრადიციისა და წესების, ასევე ვთქვათ, შეჯერებისა და ერთგვაროვნების მიმართულებით. კრებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მღვდელმთავრები ვიყავით ერთსულოვნები", - თქვა მან და დაამატა, რომ სინოდის განჩინებაში საკითხები დეტალურად იქნება ასახული.

ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა პატრიარქის შესაძლო გადადგომას, უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. „ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არა მარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა-გამგეობას. არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ", - განაცხადა მან. ანალოგიურ შეკითხვებს მედია სინოდის წინა სხდომების შემდეგაც სვამდა.

კრებაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. „ლაპარაკი იყო სასაზღვრო ეპარქიებზე, რომელშიც ზოგი ეპარქიის ტერიტორია ოკუპირებულია, ზოგის კი არ არის. თურქეთთან და სომხეთთან არის ჩემი ეპარქიის საზღვარი. ანუ სასაზღვრო ზოლში მყოფი ეპარქიების მდგომარეობა განვიხილეთ.

მეუფე ისაიამ მოგვიყვა მისი ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილზე, ანუ ეს არის ახალგორის რაიონი, ძირითადად. მოგვიყვა პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემა, იმიტომ რომ იქ არის ოკუპანტების მიერ შემოღებული საშვები, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სირთულესთანაა დაკავშირებული. მაგალითად, მეუფე ისაიას არ აქვს საშუალება, რომ უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში თავის მრევლთან კომუნიკაცია ჰქონდეს. მოგვიყვა რა ვითარებაა ამ მხრივ, ტაძრებზე", - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მისი განცხადებით, სინოდის წევრებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ცალკე არ უმსჯელიათ.

„არ ყოფილა ამ საკითხზე ცალკე საუბარი. წაიკითხეთ ტომოსი და ნახავთ, რა წერია იქ. ეს არ არის ავტოკეფალიური ეკლესია. იმისთვის, რომ ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია, პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უნდა აღიაროს, როგორც ავტოკეფალიური.

ვინაიდან ამ ტერიტორიაზე მოციქულს უქადაგია, უკრაინას, როგორც ქვეყანას, აქვს უფლება, ავტოკეფალიური ეკლესია ჰქონდეს.

მთავარი პრობლემაა ის, რომ პირველი იერარქი, ხელმძღვანელი, პატრიარქი არ არის, ტიტული არავის მიუნიჭებია. ეს არის მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, რომელიც მართავს ეკლესიას და ჩვენი დღევანდელი ინფორმაციით, ეს ეპისკოპოსი არ არის სწორად დასმული. კანონიკური არ არის. თუ რაიმე შეიცვლება, აღმოვაჩენთ, რომ კანონიკურია ან პირველი იერარქი თუ შეიცვალა, მაშინ პრობლემა არ იქნება ავტოკეფალიის აღიარებაზე“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ 2019 წლის 5 იანვარს ხელი მოაწერა ტომოსს - დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსს.

უკრაინის ტომოსის უნიკალურობა ის არის, რომ მასში მკაფიოდ არის განსაზღვრული ახალი ეკლესიის საზღვრები. აკრძალულია გაერთიანებების (თემების) არსებობა უკრაინის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, უკრაინელ მორწმუნეთა თემები დიასპორებში (ევროპა, აშშ, კანადა) მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში გადადის.

უკრაინის ტომოსში პირველად გაიწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქის როლი უმაღლეს სააპელაციო ინსტანციად სადავო საკითხების გადაწყვეტისას.

ტომოსში არის პუნქტები, რომლებიც კრძალავს ეკლესიის სტატუსის, მისი ხელმძღვანელის ტიტულისა და ეკლესიის წესდების დამოუკიდებლად შეცვლას. ამის გაკეთება მხოლოდ კონსტანტინოპოლთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG