Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში პაპუაშვილმა ელისაშვილს ბერაიაზე ლაპარაკის უფლება არ მისცა და დარბაზიდან გააძევა


ალეკო ელისაშვილი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი
ალეკო ელისაშვილი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ელისაშვილმა სხდომის გახსნისას სიტყვის თქმის უფლება მოითხოვა და ლაპარაკი დაიწყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიაზე.

ირაკლი ბერაიამ 31 ოქტომბერს დამამცირებელ კონტექსტში ილაპარაკა და შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელიც თავდაცვის კომიტეტში მისი მოადგილეა. ამის გამო ოპოზიციონერმა ქალებმა მისი ამ თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს, უმრავლესობა ამას არ ეთანხმება.

"ფაქტი არის ერთი - აქ, ამ დარბაზში, ბატონი ბერაიას საქციელის და სიტყვის..." - ამბობდა ელისაშვილი, როცა მას პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონი გაუთიშა და თქვა: "კარგით, ბატონო ალეკო. ეს პროცედურას არ ეხება... ბატონო ალეკო, გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები, არ არის საჭირო. გუშინ პასუხი ყველამ მიიღო, არ არის საჭირო აქ ზედმეტი ემოციები".

მიკროფონის გამორთვის შემდეგ ელისაშვილმა ლაპარაკი განაგრძო და უმრავლესობის დეპუტატებს "სამარცხვინოები" უწოდა, რის შემდეგაც პაპუაშვილმა მანდატურის სამსახურს ის სხდომათა დარბაზიდან გააძევებინა და შენიშვნა მისცა.

"ვიდრე პარლამენტიდან არ გამაგდებენ, მანამ ამ ამბავს არ მოვეშვები. მეორე დღეა, სხდომიდან მაძევებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის - ქალს ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენა მთელი საქართველოს გასაგონად, საზიზღრობები ილაპარაკა უღირსმა კაცმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა", - თქვა ალეკო ელისაშვილმა სხდომიდან გაძევების შემდეგ.

ალეკო ელისაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა გუშინ, 1 ნოემბერსაც.

31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარული სხდომის პირველ ნაწილში ბოლო გამომსვლელი იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, რომელმაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე დამამცირებელ კონტექსტში ლაპარაკისას, სავარაუდოდ, გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების დეტალები.

„ის, რაც „ოცნების“ კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს... ამას, ალბათ, გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუსს და „ოცნებას“ ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“- აღნიშნა თეონა აქუბარდიამ მას შემდეგ, რაც ირაკლი ბერაიას განცხადება მოისმინა.

მოგვიანებით უმრავლესობის წევრებმა ბოდიში მოიხადეს, თუმცა მომხდარზე კრიტიკა გააგრძელეს და შესაბამისი რეაგირება მოითხოვეს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, რომლებსაც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უთხრა: "შეირგეთ ის ბოდიში".

XS
SM
MD
LG