საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქორწინების იძულების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა 14 წლის გოგოს დედას. პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად აცხადებს, რომ დედა არასრულწლოვან ქალიშვილს ქორწინებას აიძულებდა.
„მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ბრალდებული 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გასულ თვეში, 6 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის შესახებ. გამოძიების თანახმად, 14 წლის აითაჯი 27 წლის ასიმ ასლანოვმა იარაღით მოკლა. მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც გოგო არასასურველი "ქორწინებიდან" თავის დახსნას ცდილობდა. საქმეზე დაკავებული არიან მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები ასიმ ასლანოვის ბიძა და ბიძაშვილი და ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა.
საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე, არსებობდა ასევე ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ანუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი თავის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.
ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.