შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ასიმ ასლამოვის ბიძა - 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი, 1997 წელს დაბადებული ბ.ა. მათ ბრალად ედებათ დანაშაულის შეუტყობინებლობა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.
შსს-ს ინფორმაციით, ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის - ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავესახეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
აითაჯის საქმეზე აქამდე სამი ბრალდებული იყო დაკავებული. აითაჯის დედა, ბიძა და 27 წლის კაცი, რომელთანაც არასრულწლოვანი 2023 წლის ივნისიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იძულებით იმყოფებოდა. გამოძიება საქმეზე ხუთი მუხლით მიმდინარეობს.
27 წლის ასიმ ასლანოვს ბრალად ედება:
- სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
- სსკ-ის 236-ე მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარება;
- სსკ-ის 143-ე მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არასრულწლოვანის მიმართ.
რაც შეეხება აითაჯის დედას და ბიძას, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში მათ წინააღმდეგ ორი მუხლითაა დაწყებული გამოძიება:
- სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი - ქორწინების იძულება - რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
- სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, დანაშაულის შეუტყობინებლობა - ითვალისწინებს 2-დან 6 წლამდე პატიმრობას.
14 წლის აითაჯი კახეთში, სოფელ ლამბალოში მოკლეს. ბრალდების თანახმად, ის 27 წლის ასიმ ასლანოვმა მაშინ მოკლა, როცა არასრულწლოვანი გოგო მისგან გაქცევას ცდილობდა.