Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰაჩყალის აეროპორტში 20-ზე მეტი პირი დაშავდა, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა


მაჰაჩყალის აეროპორტში 29 ოქტომბერს გამართული ანტისემიტური აქციის მონაწილეს უჭირავს პლაკატი წარწერით: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ებრაელ ლტოლვილებს"
მაჰაჩყალის აეროპორტში 29 ოქტომბერს გამართული ანტისემიტური აქციის მონაწილეს უჭირავს პლაკატი წარწერით: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ებრაელ ლტოლვილებს"

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში მასობრივი არეულობისას. დაღესტნის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციელები. ორის მდგომარეობა მძიმეა.

29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს და თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ანტისემიტური გამოსვლის მონაწილეები აეროპორტიდან გამსვლელებს დოკუმენტებსაც უმოწმებდნენ მათი წარმომავლობის დასადგენად. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა და ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა და ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლით.

მაჰაჩყალის აეროპორტი ისევ დაკეტილია. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, აეროპორტი, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გაიხსნება, სამართალდამცავების მიერ მთელი ტერიტორიის დეტალურად შემოწმების შემდეგ.

თელ-ავივიდან მაჰაჩყალაში რეისი რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა შეასრულა. ისრაელიდან ჩასული მგზავრების წინააღმდეგ აქციისკენ მოწოდებები სოციალური ქსელებით 29 ოქტომბერს, დილიდან ვრცელდებოდა.

დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მელიკოვმა განაცხადა, რომ დაღესტნელები პალესტინელებს მსხვერპლის გამო თანაუგრძნობენ და მშვიდობისთვის ლოცულობენ, მაგრამ ის, რაც მაჰაჩყალის აეროპორტში მოხდა, აღმაშფოთებელია და სამართალდამცავებისგან შესაბამისი შეფასება აუცილებლად მოჰყვება.

რუსეთის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ტატიანა მოსკალკოვამ ტელეგრამ-არზე დაწერა, რომ მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები მიმართულია ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისკენ და მიზნად ისახავს რუსეთში სამოქალაქო მშვიდობის დესტაბილიზაციას. მოსკალკოვამ დაღესტნის მცხოვრებთ მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და კანონი დაიცვან.

ისრაელის მთავრობამ, რომელმაც პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების დასაცავად გადამწყვეტი ზომები მიიღოს.

XS
SM
MD
LG