Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი რუსეთისგან მოითხოვს დაიცვას ისრაელელები და ებრაელები, მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტური აქციის ფონზე


ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში
ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 ოქტომბერს რუსეთისგან მოითხოვა, დაიცვას ისრაელელები და ებრაელები და დააკავოს ნებისმიერი პირი, ვინც მათ დაემუქრება.

"ისრაელი ელის, რომ რუსეთის ხელისუფლება დაიცავს ისრაელის ყველა მოქალაქეს და ებრაელებს და გადამწყვეტ ზომებს მიიღებს არეულობის გამომწვევთა წინააღმდეგ და ებრაელებისა და ისრაელელების მიმართ ძალადობის წამქეზებელთა წინააღმდეგ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე, 29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული დაღესტნის დედაქალაქის, მაჰაჩყალის, აეროპორტში შეიჭრა ასეულობით ადამიანი. მათ თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ რეგიონიდან ებრაელების განდევნას.

აეროპორტში მივიდა სპეცდანიშნულების რაზმი. მაჰაჩყალაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აეროპორტში გაიგზავნა ეროვნული გვარდიის დანაყოფებიც.

მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მაჰაჩყალაში აქციის მონაწილეებმა შეაღწიეს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე და შეეცადნენ ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეჭრას. ხელისუფლების თანახმად, აეროპორტი რეისებისთვის დაიხურა.

გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ დოკუმენტები შეემოწმებინათ პირებისთვის, რომლებიც აეროპორტს ტოვებდნენ, რათა დაედგინათ, ისინი ისრაელელები იყვნენ თუ არა. იუწყებიან, რომ ებრაელთა ძებნის პროცესში ბრბომ "ომონის" ავტომანქანაც კი გაჩხრიკა.

დაღესტნის ოფიციალურმა პირებმა "რუსეთის მტრებს" დასდეს ბრალი ანტისემიტური განწყობების გაღვივებაში. ეს მოხდა მას მერე, რაც ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკოორდინაციო ცენტრმა ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას ისრაელელი ლტოლვილების რესპუბლიკაში შესვლა.

რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "მაჰაჩყალაში შექმნილი ვითარების ფონზე, დადგინდება ამ არეულობაში ყველა მონაწილის ვინაობა, რადგან აეროპორტში მუშაობს სადამკვირვებლო კამერები".

შაბათ-კვირას ანტისემიტური აქციები გაიმართა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქალაქებშიც. ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში 28 ოქტომბერს აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რესპუბლიკაში არ შეუშვან ისრაელის მცხოვრებლები. 29 ოქტომბრის ღამეს დაღესტანში, ქალაქ დერბენტში, გააპროტესტეს ისრაელიდან ლტოლვილების სასტუმროებში განთავსების არარსებული გეგმა. ყაბარდო-ბალყარეთში, ნალჩიკში, საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი ებრაული კულტურის ცენტრის მშენებარე ობიექტზე. კედელზე დაწერეს ანტისემიტური შინაარსის წარწერები.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დაიწყო მას მერე, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასის" ექსტრემისტებმა ისრაელზე მიიტანეს იერიში, დახოცეს ასობით ადამიანი და 200-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა ამას უპასუხა სამხედრო კამპანიით ღაზაში, რასაც მოჰყვა 8000-მდე ადამიანის სიკვდილი და ქალაქ ღაზის დიდი ნაწილის ნგრევა.

XS
SM
MD
LG