Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მყოფი „ჰამასის“ წევრი აცხადებს, რომ მძევლებს ცეცხლის შეწყვეტამდე ვერ გაათავისუფლებენ


საილუსტრაციო ფოტო. აქცია ლონდონში, „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით
საილუსტრაციო ფოტო. აქცია ლონდონში, „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით

„ჰამასი“ მძევლებს ვერ გაათავისუფლებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდე. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ მოსკოვში განუცხადა პალესტინელთა ამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობის დელეგაციის წევრმა აბუ ხამიდმა.

ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია მოსკოვში იმყოფება, 26 ოქტომბერს გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ და მოგვიანებით დაადასტურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„კომერსანტის“ მიერ დღეს, 27 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, აბუ ხამიდმა განაცხადა, რომ „1948 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდნენ ასეულობით მოქალაქე და პალესტინელთა სხვადასხვა დაჯგუფების ათეულობით წევრი“ და დაატყვევეს „ათეულობით ადამიანი, რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანი მცხოვრებია“. აბუ ხამიდი „1948 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებში“ გულისხმობს ისრაელის იმ სამხრეთ რაიონს, სადაც, ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბერს შეიჭრნენ „ჰამასის“ გასამხედროებული დაჯგუფების წარმომადგენლები, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს. ამას მოჰყვა ისრაელის მიერ „ჰამასისთვის“ ომის გამოცხადება.

აბუ ხამიდი ირწმუნება, რომ ღაზის სექტორში მყოფი მძევლების მოსაძებნად და გასათავისუფლებლად „ჰამასს“ დრო სჭირდება, ამ ამოცანის შესასრულებლად კი მშვიდი ვითარება უნდა იყოს.

ისრაელის არმიის მიერ დღეს განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 229 ადამიანი. მანამდე ეს რიცხვი 224-ს შეადგენდა. ისრაელის არმიის განმარტებით, მონაცემები იცვლება ისრაელის სპეცსამსახურების მიერ ინფორმაციის გადამოწმების შესაბამისად. 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასმა“ მხოლოდ 4 მძევალი ქალი გაათავისუფლა.

„ჰამასის“ დელეგაცია, რომელსაც მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს, 26 ოქტომბერს მოსკოვში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს, მიხაილ ბოგდანოვს. მოსკოვის ოფიციალური ინფორმაციით, განხილული იყო მძევლების გათავისუფლება და ღაზის სექტორში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში „ჰამასის“ წევრების მიწვევას უღირსი ნაბიჯი უწოდა და რუსეთის მთავრობას მიმართა, „ტერორისტები გააძევოს“.

დღეს, 27 ოქტომბერს, „ჰამასის“ პოლიტსაბჭოს წევრი აბუ მარზუკი მოსკოვში შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაღერი ხანის, რომელიც მეორე დღეა რუსეთში ვიზიტით იმყოფება. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ირანის საელჩოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.

დააჭირე ფოტოზე
დააჭირე ფოტოზე

XS
SM
MD
LG