Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ქვეითმა ჯარმა ღაზის ცენტრალურ ნაწილში განახორციელა რეიდი


შავი კვამლი ქალაქ ღაზის თავზე. 26 ოქტომბერი, 2023 წელი
შავი კვამლი ქალაქ ღაზის თავზე. 26 ოქტომბერი, 2023 წელი

მეორე დღეა ისრაელი იუწყება ღაზის სექტორში „მიზანმიმართული რეიდების“ შესახებ.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეითმა ჯარმა, ავიაგამანადგურებლების და უპილოტო საფრენი აპარატების თანხლებით, „ჰამასის“ მრავალრიცხოვან „ტერორისტულ ობიექტებს“ შეუტია ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, შუჯაიას რაიონში და საავიაციო და საარტილერიო დარტყმები განახორციელა მთელ სექტორზეც.

ისრაელის არმიის თანახმად, ოპერაციის შემდეგ ისრაელის ჯარებმა ღაზის სექტორი დატოვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობამ პირველად 26 ოქტომბერს განაცხადა სახმელეთო რეიდის - ტანკების გამოყენებით ოპერაციის ჩატარების შესახებ. ისრაელის არმიის თანახმად, რეიდები ტარდება საბრძოლო მოქმედებების შემდეგი ეტაპებისთვის მზადების ფარგლებში.

25 ოქტომბერს, საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდაცვის არმია ემზადება ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად. ნეთანიაჰუს კონკრეტული დრო არ დაუსახელებია. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს ორი მიზანი აქვს - „ჰამასის“ განადგურება და მძევლების გათავისუფლება.

ბოლო დღეებში, დასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო ცდილობენ ისრაელზე ზემოქმედებას, რათა მან გადადოს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორზე საავიაციო დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 6000-ზე მეტი ადამიანი.
  • „ჰამასს“ მძევლად ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.
  • გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
  • 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.

გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ ფოტოს
გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ ფოტოს

XS
SM
MD
LG