Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი: თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმი" უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა


აშშ-ის ელჩი ​საქართველოში რობინ დანიგანი 
აშშ-ის ელჩი ​საქართველოში რობინ დანიგანი 

აშშ-ის ელჩი ​საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმი" უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას.

"როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე და საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ "შუა დერეფნის" განვითარების კუთხით, გზების რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რადგან ვიცით "შუა დერეფნის" ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ "შუა დერეფანში". ასე რომ, როგორც ელჩი, აქ მე აბსოლუტურად მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამ საკითხს.

ვფიქრობ, რომ თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმი" უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბებიან კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, "შუა დერეფნის" ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად", - თქვა ელჩმა.

26-27 ოქტომბერს თბილისში მეოთხედ იმართება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი, ალი ასადოვი და დრიტან აბაზოვიჩი ესწრებიან.

ფორუმი დევიზით, „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ ელიზაბეტ მაქიი და სხვები.

XS
SM
MD
LG