Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა წარადგინა


ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ წარადგინა
ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ წარადგინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სომხეთის მთავრობის ახალი ინიციატივა წარადგინა რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - „მშვიდობის გზაჯვარედინი“.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აბრეშუმის გზა“ ისტორიული მნიშვნელობისაა და გულისხმობს ერების ერთმანეთთან დაკავშირებას, რისი მნიშვნელობაც სომხეთს კარგად ესმის.

„ჩვენს ორ მეზობელთან [ირანთან და საქართველოსთან] ღიაა გზები და ჩვენი ურთიერთობა მეგობრული ხასიათისაა. თუმცა გზები ორ მეზობელთან [აზერბაიჯანთან და თურქეთთან] დაკეტილია, რაც აჩვენებს ჩვენს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს“, - განაცხადა მან საქართველოს მთავრობის ორგანიზებულ ფორუმზე.

„მაგრამ მე აქ არ მოვსულვარ რთულ ურთიერთობებზე სასაუბროდ. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო, მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის მშენებლობა რთული იქნება. ჩვენს რეგიონს სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა - ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, დაკავშირებულნი არიან ეკონომიკურად და კულტურულად, გააჩნიათ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რასაც ერთმანეთს უზიარებენ“, - განაცხადა სომხეთის ლიდერმა.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სწორედ ასეთი მომავლის შექმნის იმედით შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომლის მიზანია „განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, - საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების, - შენებითა და მოდერნიზაციით“.

ფაშინიანის თქმით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკანასკნელი სამი ათწლეულია, არსებობს.

„არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. და ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დასაკავშირებლად. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება ეს გახდეს ეფექტური გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირებისთვის“, - თქვა მან.

პრემიერის თქმით, ეს პროექტი სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას .

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი უნდა გაუსვა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინი“ 4 მთავარ პრინციპს ეფუძნება:

  1. „ყველა სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამზიდავი თუ ელექტრო, - მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან“;
  2. „თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიის კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერ სხვა საშუალებით“. ფაშინიანმა აქვე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობაში, ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებში, ჩამოყალიბდება სპეციალური ერთეული, რომელიც „უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციების, სატრანსპორტო საშუალებებისა თუ იმ პირების, ვინც მათ ატარებს, უსაფრთხოებაზე“;
  3. „ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ტრანსპორტირებისთვის“;
  4. „ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით. და ამ პრინციპზე დაყრდნობით შესაძლებელია სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია“.

„მინდა ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახნას, განაახლოს ან ააშენოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით“, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ „ეს პრინციპები საჭიროა, რათა თავიდან ავირიდოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაციები“.

ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ მთავრობა მუშაობს შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად: „იმედი გვაქვს, ეს პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი იქნება თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საქმეშიც.

26-27 ოქტომბერს თბილისში მეოთხედ იმართება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი, ალი ასადოვი და დრიტან აბაზოვიჩი ესწრებიან.

ფორუმი, დევიზით „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ ელიზაბეტ მაქიი და სხვები.

XS
SM
MD
LG