Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი "აბრეშუმის გზის ფორუმზე": მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" თქვა, რომ ქვეყანას აქვს არაერთი მიღწევა, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უნდა იყოს "სამართლიანი".

"ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეულ იქნას კანდიდატის სტატუსი და ეს იქნება ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გაგვიხსნის კანდიდატის სტატუსისკენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, "ჩვენ ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად". პრემიერმა ასევე ილაპარაკა საქართველოს, როგორც "ბუნებრივი ხიდის", მნიშვნელობაზე.

"საქართველო - ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად... შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა. ჩვენ უკვე ვხდებით ყველაზე საიმედო ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე და ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან იმისათვის, რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და ასევე გამოყენებულ იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა", - თქვა მან.

26-27 ოქტომბერს თბილისში მეოთხედ იმართება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი, ალი ასადოვი და დრიტან აბაზოვიჩი ესწრებიან.

ფორუმი დევიზით, „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ ელიზაბეტ მაქიი და სხვები.

XS
SM
MD
LG