Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„3+3“ ფორმატის მონაწილეების განცხადებით, პლატფორმა საქართველოსთვის ღიაა


თეირანი. „3+3" ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრა
თეირანი. „3+3" ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრა

თეირანში გამართული „3+3“ ფორმატის შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „პლატფორმა ღიაა საქართველოს თანაბარუფლებიანი მონაწილეობისთვის“. ცნობას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასსი" აქვეყნებს.

„მინისტრებმა [აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა] ასევე გაცვალეს აზრები ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების შესახებ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს უდანაშაულო მოსახლეობის მისამართით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, მინისტრებმა მოილაპარაკეს „გრძელვადიანი მშვიდობის გამტკიცებასა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე“, ასევე - გააგრძელონ კონსულტაციები იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ რეგიონული პლატფორმის მონაწილე ყველა ქვეყანას შორის „ურთიერთობების ნორმალიზებისა და განვითარების პროცესებს“.

ჯერ კიდევ შეხვედრის გამართვამდე, რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან მისწერეს, რომ „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“.

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.

ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა.

ამ ფორმატში შეხვედრა 2021 წელს გაიმართა. მას საქართველო არ დასწრებია.

შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი, რაც თბილისმა გააპროტესტა.

საქართველომ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების საკუთარი ფორმატი შესთავაზა.

XS
SM
MD
LG