დღეს დილით, ისრაელის თავდაცვის არმიის ავიაციამ ისევ დაბომბა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორი. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ავიადარტყმები იყო ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებზე. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
გასულ ღამით, ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთში დაბომბა ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციებიც. ისრაელის არმიის ცნობით, განადგურებულია „ჰეზბოლას“ ორი ჯგუფი, რომლებიც ისრაელზე სარაკეტო შეტევას ამზადებდნენ.
გასულ ღამით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამართა სამხედრო კაბინეტის და არმიის სარდლობის წარმომადგენელთა ოპერატიული თათბირი. BBC-ს მოჰყავს ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადება, რომ ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიას შესაძლოა, ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ „ჰამასი“ აღარ იარსებებს.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 4600-ზე მეტი ადამიანი.
- „ჰამასს“ მძევლად ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.
- გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
- 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.
-