ამერიკის და ევროპის 6 სახელმწიფო ადასტურებს ისრაელის თავდაცვის უფლებას და ამასთან, მას მოუწოდებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვისკენ.
ისრაელის და „ჰამასის“ შეიარაღებულ კონფლიქტზე 22 ოქტომბერს ონლაინ ფორმატით იმსჯელეს ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და კანადის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრებმა, ჯასტინ ტრუდომ, რიში სუნაკმა და ჯორჯა მელონიმ.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, დადასტურებულია ისრაელის მხარდაჭერა და მისი უფლება თავი დაიცვას ტერორიზმისგან. ამასთან, ისრაელს მოუწოდებენ, დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები, მათ შორის დაიცვას სამოქალაქო მოსახლეობა.
ამერიკის და ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები მიესალმნენ ორი მძევლის გათავისუფლებას. მათი მოწოდებაა ყველა დარჩენილი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის მეთაურები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე რეგიონში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად. საუბარია მათზე, ვისაც ღაზის სექტორის დატოვება სურს.
ბაიდენი, ტრუდო, სუნაკი, შოლცი, მაკრონი და მელონი მიესალმნენ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების დაწყებას და განაცხადეს, რომ რეგიონში პარტნიორებთან განაგრძობენ კოორდინაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათზე, წყალზე, სამედიცინო მომსახურებასა და სხვა დახმარებაზე მდგრადი წვდომა. 6 სახელმწიფოს ლიდერები იღებენ ვალდებულებასაც, რეგიონში ძირითად პარტნიორებთან ერთად განაგრძონ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა აღიკვეთოს კონფლიქტის გაფართოება, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა იყოს და იმუშაონ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტისა და მყარი მშვიდობის მიმართულებით.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 4600-ზე მეტი ადამიანი.
- „ჰამასს“ მძევლად ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.
- გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
- 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.