Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასტურდება 6,4 ათასი რუსი პატიმრის დაღუპვა უკრაინასთან ომში


ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა ჯგუფთან ერთად დაადასტურეს უკრაინასთან ომში 34 857 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი. ამასთან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაღუპულთა სია 953-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ცოცხალი ძალის დანაკარგი გაიზარდა მობილიზებულთა შორის. საერთო ჯამში, ჟურნალისტებმა ღია წყაროებში იპოვეს 4056 ნეკროლოგი, რომლებიც ეძღვნებოდა ომში მობილიზაციით გაწვეულ პირებს. 1000-ზე მეტი მობილიზებული დაიღუპა 2023 წლის ივნისის შემდეგ, უკრაინის კონტრშეტევის დაწყების მომენტიდან.

უკრაინასთან ომში ასევე დაიღუპა 6410 პატიმარი და 3532 მოხალისე.

„დაღუპულთა ეს რაოდენობა ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაა გამოყვანილი, ვინაიდან ჩვენ მხედველობაში ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც სიკვდილი დასტურდება საჯაროდ და როდესაც შესაძლებელია მებრძოლის სტატუსის დადგენა“, - შენიშნავენ ჟურნალისტები.

„მედუზისა“ და „მედიაზონის“ ადრე გამოქვეყნებულ ერთობლივ კვლევაში ნათქვამია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის 15 თვის განმავლობაში, მიმდინარე კონტრშეტევის მონაცემების გაუთვალისწინებლად, დაიღუპა 47 000 რუსი ჯარისკაცი.

მოსკოვი ომის დანაკარგებს არ ამხელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს გასული წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე.

  • 2022 წლის გაზაფხულზე რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, შეწყალების სანაცვლოდ, რუსეთის კოლონიებში აგროვებდა პატიმრებს უკრაინასთან ომში მონაწილეობის მისაღებად.
  • ომში გაწვეული პატიმრების ზუსტი რაოდენობა უცნობია. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს პატიმართა რაოდენობა თითქმის 30 ათასით შემცირდა. შეერთებული შტატების მონაცემებით კი, მსჯავრდადებულები შეადგენენ უკრაინასთან ომში ჩართული რუსული კერძო სამხედრო კომპანიების რაზმების 50 000-კაციანი პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს.

XS
SM
MD
LG