Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი "შინაპატიმრობაში" - რა არჩევანი აქვს სალომე ზურაბიშვილს?


სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის პროცედურაზე პარლამენტში. 2023 წლის 18 ოქტომბერი.
სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის პროცედურაზე პარლამენტში. 2023 წლის 18 ოქტომბერი.

მთავრობის ნებართვის გარეშე, პრეზიდენტს ეკრძალება საგარეო ურთიერთობების საკითხებში ჩარევა, საუბარი საერთაშორისო ლიდერებთან, ნებისმიერი ფორმით და მათ შორის - სატელეფონო კომუნიკაციაც, - იურისტები ასე კითხულობენ  საკონსტიტუციო სასამართლოს 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნას.

იმპიჩმენტი ვერ შედგა, მაგრამ მმართველი პარტია პრეზიდენტს დაემუქრა, რომ შემდგომი თვითნებობის შემთხვევაში, ის შესაძლოა სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

დისკუსიის საგნად იქცა კიდევ ერთი საკითხი - აქვს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას სავალდებულო ხასიათი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა.

პრეზიდენტი უფლებების გარეშე

„ოცნება“ თვლის და საკონსტიტუციო სასამართლოს 6 მოსამართლე იზიარებს მოსაზრებას, რომ - საგარეო ურთიერთობების ასპარეზზე, წარმომადგენლობითი უფლებების განხორციელებისას, პრეზიდენტმა ყოველი ნაბიჯი მთავრობას უნდა შეუთანხმოს. ასეთია:

  • უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ პირებთან შეხვედრები, საუბრები;
  • ოფიციალური სატელეფონო საუბარი თუ მიმოწერა;
  • სამუშაო ვიზიტებისა და მოლაპარაკებების გამართვა;
  • ფორუმებსა და თავყრილობებში მონაწილეობა საქართველოს სახელით;
  • სიტყვით გამოსვლა თავყრილობებზე, ცერემონიებსა და მიღებებში მონაწილეობა პრეზიდენტის რანგში.

რაც შეეხება საერთაშორისო ლიდერების საქართველოში მიღებას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავის დასკვნაში მოყვანილი აქვს მთავრობის წარმომადგენლის პოზიცია, რომ „პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება იმის მიუხედავად, თუ სად (ქვეყნის შიგნით თუ საზღვრებს გარეთ) და რა ფორმით (სატელეფონო საუბრის განხორციელებისას, დისტანციური შეხვედრის დროს თუ სხვაგვარად) ხორციელდება საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა“.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განუმარტა, რომ როცა „ურთიერთობები ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ასეთ დროს მთავრობის წინასწარი თანხმობა გამოიცემა მთავრობის განკარგულების სახით“, ხოლო ქვეყნის შიგნით - „საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოსცემდა სამართლებრივ აქტს ბრძანების სახით“.
სასამართლოს დასკვნის თანახმად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ისაუბრა ხარვეზიან პრაქტიკაზეც, რაც არსებობს ქვეყნის შიგნით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს მთავრობის თანხმობის სავალდებულოობის საკითხში, აღნიშნა, რომ თანხმობის მოთხოვნისა და მიცემის პრაქტიკა დამკვიდრებული არ არის და საჭიროებს გამოსწორებას“.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა პრეზიდენტს მკაფიო შეზღუდვებს უწესებს, რაც ზოგმა შინაპატიმრობას შეადარა.

„ოცნების“ მწვავე რიტორიკიდან გამომდინარე, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ პრეზიდენტის ვიზიტებს მწვანე შუქს აუნთებენ.

"ოცნება" აცხადებს, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი ეყოლება, რომელსაც არც ქარიზმა აქვს და ზრდილობაც ღალატობს.

სალომე ზურაბიშვილმა უკვე თქვა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლომ თავის სინდისს გადააბიჯა“ და „ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს“ საქართველოსთვის წლის ბოლოს, [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიზნისკენ სვლაში.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიანიშნა, რომ ის ძველებურად გააგრძელებს მოქმედებას და მთავრობის ნებართვას არ დაელოდება.

არის თუ არა სავალდებულო?

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის პოზიციას წარმოადგენდა, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომელიც პარლამენტმა აღარ გაითვალისწინა, შესასრულებლად სავალდებულო არ არის.

20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში, ის ერთმანეთისგან მიჯნავს სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სასამართლოს დასკვნას.

„კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შესახებ სასამართლოს დასკვნა შესასრულებლად სავალდებულო ხასიათს იძენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კენჭისყრისას მხარს დაუჭერს თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავს მაია კოპალეიშვილი.

მისი განმარტებით, მოხელე, რომელიც თანამდებობიდან ვერ გადააყენეს, „ჩვეულებრივ, კონსტიტუციით გათვალისწინებულ სამართლებრივ-ინსტიტუციურ წესრიგში აგრძელებს თავის თანამდებობრივ უფლებამოსილებას“.

ამ პოზიციას არ იზიარებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევას თავადაც ხედავდა და ამაზე საჯაროდაც ლაპარაკობდა.

„მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა განსაზღვრავს მოქმედების ფარგლებს და ხვალ თუ მსგავს საკითხზე დაიწყებს ვინმე დავას, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ექნება პრეცედენტული მნიშვნელობა. ასევე ის არის ავთენტური განმარტება“, - ვახუშტი მენაბდე გვეუბნება ასევე, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა სუსტია“ და მასში არის ბუნდოვანი ასპექტებიც - ლაფსუსები, რაც „დასკვნის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“.

„ერთი მხრივ, სასამართლო ამბობს, რომ პრეზიდენტს [საგარეო პოლიტიკის საკითხებში] ყოველთვის სჭირდება მთავრობის ნებართვა; მეორე მხრივ, ამბობს, რომ რაღაცეებზე არ სჭირდება, თუმცა არ განმარტავს - რაზე არ სჭირდება“, - გვეუბნება მენაბდე.

საკონსტიტუციო სასამართლო თავის დასკვნაში განმარტავს, რომ კონკრეტული გარემოებების მიხედვით უნდა გადაწყდეს, ასევე ექვემდებარება თუ არა „ზოგიერთი სხვა შემთხვევა“ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნას.
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას“.

შეიძლება თუ არა გასამართლდეს პრეზიდენტი?

თუკი პრეზიდენტი უნებართვო, თვითნებურ ნაბიჯებს გადადგამს, „ოცნების“ განმარტებით, ის შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ უნდა ჰქონდეს „პროკურატურისა და სისხლისსამართლებრივი გამოძიების“ იმედი.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა უკვე შეიძლება იძენდეს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს“, - განაცხადა კობახიძემ.

გასამართლების პერსპექტივაზე ილაპარაკა „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემაც.

„თუ შენ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებ, ამას რა პასუხისმგებლობა მოჰყვება, ეს პირდაპირ წერია კანონში და ძალიან კარგად იცის ამ ხალხმა, სად უნდა წაიკითხონ“, - სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები არც თალაკვაძეს დაუსახელებია.

და სად წერია ამის შესახებ?

იურისტები რადიო თავისუფლებასთან ვარაუდობენ, რომ „ოცნება“ შესაძლოა გულისხმობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ან 332-ე მუხლს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ვარაუდები უკავშირდება 342-ე მუხლსაც - სამსახურებრივი გულგრილობა.

მაგრამ გასამართლება წარმოუდგენელია კონსტიტუციონლისტ ვახტანგ ხმლაძისთვის, რომელიც არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას.

„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როცა გვაქვს დანაშაული - განსაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსით. დანაშაულად რომ ჩაითვალოს, სულ მცირე, კონკრეტული ქმედებით ვინმეს უნდა მიადგეს ზიანი. უნდა არსებობდეს საქმეში დაზარალებული მხარე. ზურაბიშვილი თავისი ვიზიტების დროს ლობირებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ზიანს აყენებდა ვინმეს?! მე ასე ზიანს ვერ ვხედავ“, - ეუბნება ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებას.

რას ედავებიან?

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგეს მას შემდეგ, რაც მან „საქართველოს ევროინტეგრაცია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ“ და, მაგალითად, თქვა, რომ საქართველოს მთავრობა „ფორმალურად ასრულებს“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.

„ჩვენ არ ვიცით, იმ შეხვედრებზე [საზღვარგარეთ] რა საუბრები იყო. შეიძლება უფრო მძიმე კრიტიკაც იყო... ეს საუბარიც რომ ყოფილიყო, რაც ჩვენ მისგან [პრეზიდენტისგან] მოვისმინეთ საჯაროდ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ... იმ ხალხს [ვისაც არ უნდა, რომ საქართველოს მიენიჭოს სტატუსი] საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ხელში მისცა ისეთი კონტრარგუმენტი, რომელსაც შეეძლო მთლიანად დაებლოკა საქართველოს ევროინტეგრაცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში.

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ „კრიტიკა ვერ ჩაითვლება ზიანად“ და დანაშაულად, რადგან „პრეზიდენტი არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია თქვას, თუკი სათანადოდ არ სრულდება ევროკომისიის მოთხოვნები“, რადგან ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების ხელშეწყობა.

„[ევროკომისიის] რეკომენდაციები რომ ნაწილობრივ შესრულდა მხოლოდ, ამას მარტო პრეზიდენტი ამბობს?! ამას ამბობენ თავად ევროკავშირშიც“, - გვითხრა ხმალაძემ.

იურისტების განმარტებით, იმისთვის, რომ პრეზიდენტი სისხლის სამართლის წესით გაასამართლონ, ის პოსტზე აღარ უნდა იყოს.

  • რადგან „ოცნება“ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ აგროვებს, პრეზიდენტის გასამართლების მცდელობა - ამ გზით აზრს მოკლებულია.
  • იურისტების განმარტებით, ეს შესაძლებელია მოხდეს პრეზიდენტის ვადის ამოწურვის [მომავალი წლის დეკემბერი] შემდეგ.

პრეზიდენტის წარმომადგენელი, მაია კოპალეიშვილი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა „საკონსულტაციო ხასიათის გათვალისწინებით“, „ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტის დასჯის მექანიზმი სამომავლო ვიზიტების მიმართ“.

შეზღუდავენ საერთაშორისო პარტნიორები კონტაქტს პრეზიდენტთან?

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ შექმნილ ვითარებას ანგარიში შესაძლოა მხოლოდ - „ქართული ოცნების“ მიმართ მკაფიოდ ლოიალურად განწყობილმა ლიდერებმა - მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გაუწიოს.

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს, მაგრამ ყველას ესმის, რომ ის არის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი... ამასაც გაუწევენ ანგარიშს... საქართველოში შექმნილ სიტუაციაში [საერთაშორისო პარტნიორებისთვის] სალომე ზურაბიშვილს წამებულის მანტია აქვს მოსხმული და მის უკან პოლიტიკური ძალა არ დგას“, - გვეუბნება კორნელი კაკაჩია.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ ტვიტერზე დაწერა, რომ - საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ოლიგარქზე მდგრადი აღმოჩნდა, თუმცა იმპიჩმენტის პროცედურამ დიდი ზარალი საქართველოს რეპუტაციას მიაყენა.

„ჩვენ ახლა ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა აღმოვფხვრათ ზიანი და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო დეკემბერში გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი“, - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერზე.

მანამდე ის აცხადებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი „აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან“, „ამ ძალისხმევისთვის იგი ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ“ და საქართველო „სწრაფად მიემართება ავტორიტარული პრორუსული მმართველობისკენ“.

პრეზიდენტის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ 3-4 ოქტომბერს განიხილა.
გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სასამართლოს პლენუმის 9-დან 6 მოსამართლის მხარდაჭერა. სასამართლომ სწორედ 6 ხმით დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა 16 ოქტომბერს გამოცხადდა. 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში 18 ოქტომბერს გაგრძელდა. „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის პოსტიდან გადაყენება ვერ შეძლო.
150-წევრიან პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG