„სირცხვილიც კია 21-ე საუკუნეში პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ ფული, რომელიც საქართველოში იხარჯება, უნდა იყოს ფარული. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფულს საქართველოში, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან... ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, ყველა ევროპელი, დგას საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
Reuters-მა გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთების შესახებ.
ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ვერ მიემხრობიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, სანამ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.
„სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, გაუქმებით ბოლოდროინდელი კანონმდებლობისა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა, მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
ფორუმი