Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი mona.ge-სთან დაკავშირებით "შესაბამის რეაგირებაზე" საუბრობს


ვებსაიტ mona.ge-ის საწყისი გვერდი
ვებსაიტ mona.ge-ის საწყისი გვერდი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებს ექნებათ "შესაბამისი რეაგირება" ვებსაიტ mona.ge-სთან დაკავშირებით. მან პარლამენტში 19 ოქტომბერს ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ ეს არის "უღირსი პროექტი", რომელსაც "უღირსი ადამიანები" ახორციელებენ.

mona.ge ორი პოლიტიკური პარტიის, "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების", ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც "რუსეთის მსახურების" მხილებაა. ვებსაიტზე ქვეყნდება იმ ადამიანების შესახებ ინფორმაცია, რომლებზეც ამ პარტიებში არსებობს ეჭვი, რომ ისინი ან ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს, ან ჩართული არიან უკანონო თვალთვალში, ან ხმების გაყალბებაში და ა.შ.

"თუკი ამ ვებგვერდზე აიტვირთება ის მონაცემები, რომელიც ჩაითვლება კანონდარღვევად, შესაბამისი მორეაგირე უწყებები, ალბათ, განახორციელებენ შესაბამის რეაგირებას. თუ ადამიანის პირადი მონაცემები, რომლის გამჟღავნებაც პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონით არის უზრუნველყოფილი და დადასტურებული, თუკი გამოქვეყნდა ისეთი მასალები, რომელთაც შემხებლობა აქვთ ამ პირების პირად უსაფრთხოებასთან, რა თქმა უნდა, იქნება რეაგირება. რასაც შეიძლება ველოდოთ მათგან, ეს არის აღვირახსნილი ქმედებები. ამ აღვირახსნილი და უღირსი ქმედებების ფონზე ელოდეთ შესაბამის რეაგირებას კანონი ფარგლებში", - თქვა სუსის ხელმძღვანელმა.

პროექტის თანაავტორები, ელენე ხოშტარია "დროადან" და ზურა ჯაფარიძე "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან", ფიქრობენ, რომ ვებსაიტი თავის მიზანს ასრულებს და სწორედ ამის გამო "შეწუხდნენ".

"მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცას აკრძალავენ, რაღაცას დახურავენ, შეზღუდავენ, ყველაფერი ზღაპარია და შეუძლებელია ამ პროექტის გაჩერება. ეს პროექტი არ გაჩერდება. ყველა ამ ადამიანის სახელებს გამოვიტანთ საჯაროდ, დავუტოვებთ ისტორიას და მაქსიმალურად ხელს შევუშლით, რომ მათ შემდეგ ეძებონ თავშესაფარი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში", - ამბობს ზურა ჯაფარიძე "ფორმულასთან" ინტერვიუში.

ამავე არხთან ისაუბრა ელენე ხოშტარიამაც, რომლის თქმითაც, ამ ვებსაიტზე მოხვედრა თავად იმ ადამიანების არჩევანია, რომელთა შესახებაც ქვეყნდება ინფორმაცია.

"შენ გინდა იყო ცრუ მოწმე, შენ აკეთებ ამ არჩევანს, რომ ცრუ ჩვენება მისცე, რათა რუსული პარტიის დავალება შეასრულო და მერე გეშინია, რომ ეს ხალხმა გაიგოს?! ეს კომფორტი მათ არ ექნებათ. ამიტომ, თუ ნაკლები ადამიანი გააკეთებს ამ არჩევანს, ნაკლები ადამიანი იქნება საიტზე".

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ამ ვებსაიტთან დაკავშირებით პოზიტიურ კონტექსტში ახსენა კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი "აგენტების კანონად" მოიხსენიებდა. მან თქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, დაფინანსების წყარო გამჭვირვალე იქნებოდა.

"არავინ არ იცის, ვინ აფინანსებს ამ პროექტს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ "დროა" და "გირჩი", ორი ექსტრემისტული პარტია, დგას ამის უკან... არის ეჭვი, რომ ეს პროექტი განხორციელებულია "ფეიკ ენჯეოს" ["დროას"] ფარგლებში და ვიცით, რომ ამ NGO-ს აფინანსებს ევროპული ფონდი. მთავარი კითხვაა აქ არის - ამ პროექტში თუ არის 1 ცენტი მაინც ევროპული თუ ამერიკული ფულისა, ეს არის პირდაპირ დარღვევა იმ ღირებულებების, რომლისთვისაც ამერიკელი თუ ევროპელი გადასახადების გადამხდელები იხდიან ფულს... ეს იქნებოდა სკანდალი", - თქვა მან.

თითქმის ერთი კვირაა, 12 ოქტომბრიდან, ფუნქციონირებს ვებსაიტი mona.ge. მასზე უკვე გამოქვეყნებულია 10-მდე ადამიანის შესახებ ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG