Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა გამოაქვეყნა მასალები, რომელთა საფუძველზე ამტკიცებს, რომ ღაზის ჰოსპიტალი არ დაუბომბავს


ღაზაში მდებარე ალ-აჰლის ჰოსპიტალი, რომლის ტერიტორიაზეც 17 ოქტომბერს აფეთქება მოხდა
ღაზაში მდებარე ალ-აჰლის ჰოსპიტალი, რომლის ტერიტორიაზეც 17 ოქტომბერს აფეთქება მოხდა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში, ალ-აჰლის ჰოსპიტალზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა კვლავ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.

პალესტინური მხარის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა. რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის არმია დაადანაშაულა ჰოსპიტლის დაბომბვაში. ისრაელმა იმავე დღეს განაცხადა, რომ საავადმყოფოს მოხვდა ღაზის სექტორში მოქმედი დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის" მიერ ნასროლი რაკეტა. ეს უარყო „ისლამურმა ჯიჰადმა“.

ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ დღეს, 18 ოქტომბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა შესაბამის ქვედანაყოფთან ერთად დაუყოვნებლივი შემოწმება ჩაატარეს. ჰაგარის თანახმად, 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 18:59 საათზე, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ჰოსპიტლის მახლობლად მდებარე სასაფლაოდან ისროლა 10-მდე რაკეტა და სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი საავადმყოფოში აფეთქების შესახებაც.

ისრაელის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, აქვთ „ჰამასის“ წარმომადგენლების საუბრის აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, მათ იცოდნენ, რომ რაკეტა ისრაელის არ ყოფილა, თუმცა მომხდარი გამოიყენეს ისრაელის დადანაშაულების გლობალური კამპანიისთვის.

დანიელ ჰაგარის თანახმად, აფეთქების შემდეგ ჰაერიდან გადაღებული ფოტოები ადასტურებენ, რომ ჰოსპიტლის შენობა ძლიერად დაზიანებული არ არის და კედლები მთელია, რაც ცხადყოფს, რომ მასზე პირდაპირი დარტყმა არ ყოფილა. ჰაგარის თქმით, ახლომდებარე შენობები თითქმის უვნებელია და ერთადერთი დაზიანებული ადგილი ჰოსპიტალთან მდებარე ავტომობილების სადგომია, რაც ადასტურებს, რომ აფეთქება გამოიწვია „ისლამური ჯიჰადის“ მიერ არასათანადოდ გაშვებულმა რაკეტამ. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები უკვე გადასცეს პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ისრაელის არმიის მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა დანიელ ჰაგარის ჰკითხეს, რატომ უნდა დაუჯერონ ისრაელის არმიას, რადგან ადრე იყო შემთხვევები, როცა კონკრეტულ სიტუაციებში პალესტინელებს ადანაშაულებდნენ და შემდეგ გაირკვა, რომ უსაფუძვლოდ. ჰაგარიმ აღიარა, რომ ზოგჯერ დასკვნები ნაადრევად იყო გამოტანილი, თუმცა, მისი განცხადებით, ინფორმაცია ღაზის ჰოსპიტალზე დარტყმის შესახებ დეტალურად გადამოწმებული და ფაქტებით გამყარებულია.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან არ არსებობს შეთანხმება ეგვიპტის მხრიდან ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე.
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
  • ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.
XS
SM
MD
LG