Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის საავადმყოფოში აფეთქებას, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მძაფრი რეაქცია მოჰყვა რეგიონში


სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ ასეულობით პალესტინელი დაიღუპა ღაზაში აფეთქების შედეგად, რომელშიც ისრაელის და პალესტინელების ხელისუფლებები ერთმანეთს სდებენ ბრალს და რომელსაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და მთელ ახლო აღმოსავლეთში.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის უწყების მეთაურის თანახმად, აფეთქებას ემსხვერპლა 300 ადამიანი, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი რიცხვი 500-ია.
„ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცნობით, აფეთქების მიზეზი იყო ისრაელის საჰაერო დარტყმა, მაშინ, როცა ისრაელის სამხედროებმა მომხდარი დააბრალეს დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტის წარუმატებელ გაშვებას.
ეს აფეთქება ყველაზე სისხლიანი ცალკეული ინციდენტია მას შემდეგ, რაც რადიკალური „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის და იქ 1300-ზე მეტი ადამიანის მოკვლის საპასუხოდ, ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, ისლამისტური დაჯგუფებების განადგურების მიზნით.
აფეთქება ღაზაში მოხდა ისრაელში და რეგიონში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩასვლის წინა დღეს. სააგენტოს თანახმად, ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელმაც მანამდე საავადმყოფოზე თავდასხმაში ბრალი დასდო მოწინააღმდეგე მხარეს, მისი სიტყვებით, "ბარბაროს ტერორისტებს".
Reuters-მა ვერ შეძლო დამოუკიდებლად შეემოწმებინა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საავადმყოფოში აფეთქების გამო.
აფეთქებამდე ღაზის ჯანდაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ თითქმის სამი ათასი ადამიანი დაიღუპა ისრაელის ავიაციის 11-დღიანი საჰაერო იერიშების დროს. დაჯგუფება „ჰამასს“ დაახლოებით 200 ადამიანი ჰყავს მძევლად, რომლებიც ისრაელში შეჭრის პირველ დღეს აიყვანა.
საავადმყოფოში აფეთქების გამო იორდანიამ, რომელმაც დაგმო მომხდარი და ისრაელი დაადანაშაულა მასში, გამოაცხადა, რომ გააუქმა სამიტი, რომელიც ამანში უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ეგვიპტის და პალესტინელ ლიდერებთან ერთად.
მღელვარება იყო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ქალაქ რამალაში გამართულ აქციაზე, სადაც პალესტინელთა უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ და ქვებს ისროდნენ.
საავადმყოფოზე თავდასხმას მოჰყვა აქციები ისრაელის საელჩოებთან თურქეთში და იორდანიაში, ასევე აშშ-ის საელჩოსთან ლიბანში, სადაც უშიშროების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
Reuters-ის ცნობით, საპროტესტო გამოსვლები იყო მაროკოში, იემენში და ერაყში, ასევე ირანის დედაქალაქში.
XS
SM
MD
LG