ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ბრძანებით, რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის გამო, მზადყოფნაში მოიყვანეს 2000-მდე ამერიკელი სამხედრო. ამის შესახებ ოფიციალურ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან სააგენტო AP და ტელეკომპანია CNN-ი.
წყაროთა თანახმად, ახლო აღმოსავლეთში პოტენციური გამგზავრებისთვის მზადყოფნაში მოყვანილი სამხედროები, საჭიროების შემთხვევაში შეასრულებენ სამედიცინო და ტექნიკური დახმარების ამოცანებს, მათ შორის გააუვნებლებენ ფეთქებადსაშიშ საბრძოლო მასალებს და საკონტროლო-გამშვები პუნქტების დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
თავდაცვის მინისტრის ბრძანება არ ნიშნავს ამერიკელი სამხედროების დაუყოვნებლივ გამგზავრებას ან საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას და უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი სამხედრო ძალები. მათ შორის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაგზავნა მეორე ავიამზიდი Dwight D. Eisenhower-ი და ავიაგამანადგურებლების(F-15 და F-16) ესკადრილია.
გასულ კვირაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ისრაელში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს. ოსტინის განცხადებით, აშშ მიმართავს ყველა ზომას, რათა ისრაელი უზრუნველყოფილი იყოს თავდაცვის საშუალებებით. გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა ისრაელს გაუგზავნა საბრძოლო მასალების პირველი პარტიაც.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- 13 ოქტომბერს, სამხედრო ოპერაციის ახალ ეტაპზე გადასვლის გამო, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება და სამხრეთში გადასვლა მოსთხოვა.
- გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მთლიანად ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
- „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კრიზისი და სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.
- 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 ათასს აჭარბებს.
- ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.