Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელში ჩავა


აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინა შეხვედრა 2023 წლის 20 სექტემბერს გაიმართა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინა შეხვედრა 2023 წლის 20 სექტემბერს გაიმართა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, ისრაელში ჩავა. ამის შესახებ გასულ ღამით განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელმაც ისრაელში 7-საათიანი მოლაპარაკება გამართა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მთავრობის წევრებთან.

ისრაელში პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი დაადასტურა თეთრმა სახლმა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენლის, კონ კირბის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი მოლაპარაკებას გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან. კირბის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ აჩვენებს ისრაელისადმი სოლიდარობას.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის მთავრობასთან განიხილავს, არის ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა იმგვარად, რომ ეს თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენოს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც განიხილა ისრაელის მთავრობასთან 16 ოქტომბერს გამართული მოლაპარაკებისას. მისი დასრულების შემდეგ, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეთანხმდნენ ღაზის სექტორში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის გეგმის შემუშავებაზე. ამასთან, ისრაელი შიშობს, რომ „ჰამასი“ ჰუმანიტარულ ტვირთს მიითვისებს ან გაანადგურებს.

ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობასთან განიხილა ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის უსაფრთხოების ზონების შექმნის შესაძლებლობაც. სახელმწიფო მდივნის თანახმად, ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება ისრაელში პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტისას.

ენტონი ბლინკენმა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეში ისრაელში მეორედ იმყოფებოდა, თელ-ავივი დღეს, გამთენიისას, დატოვა.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • 13 ოქტომბერს, სამხედრო ოპერაციის ახალ ეტაპზე გადასვლის გამო, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება და სამხრეთში გადასვლა მოსთხოვა.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მთლიანად ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
  • „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კრიზისი და სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 ათასს აჭარბებს.
  • ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.

XS
SM
MD
LG