Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთი დატოვა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა


ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მცხოვრებმა პალესტინელებმა ტერიტორიის დატოვება და სამხრეთში გადასვლა 13 ოქტომბერს დაიწყეს
ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მცხოვრებმა პალესტინელებმა ტერიტორიის დატოვება და სამხრეთში გადასვლა 13 ოქტომბერს დაიწყეს

ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთი დატოვა დაახლოებით 500 000-მა ადამიანმა. ამის შესახებ დღეს, 16 ოქტომბერს, მედიას უთხრა ისრაელის თავდაცვის არმიის პრესმდივანმა ჯონათან კონრიკუსმა. ომის დაწყებამდე ღაზის ჩრდილოეთში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ისრაელმა, რომელიც 7 ოქტომბრიდან ომს აწარმოებს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ, ამ ორგანიზაციის მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება და სამხრეთში გადასვლა 13 ოქტომბერს მოსთხოვა. ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილი იძულებით გადაადგილებულთა ნაკადს რთულად უმკლავდება.

ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ღაზაში სამხედრო ოპერაცია გაძლიერებულ ფაზას უახლოვდება და ამ ზონაში დარჩენა სახიფათოა. ისრაელის არმიის პრესმდივანმა „ჰამასი“ დაადანაშაულა, რომ ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას. ჟურნალისტების შეკითხვას გასული კვირის ბოლოს, საევაკუაციო დერეფანზე ისრაელის ავიადარტყმის შესახებ, რომლის შედეგად პალესტინური მხარის თანახმად, 70 ადამიანი დაიღუპა, კონრიკუსმა უპასუხა, რომ ისრაელის არმია მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ შეტევებს არ ახორციელებს. ამასთან, პრესმდივნის თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ხერხდება სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დაყვანა.

გაეროს მონაცემებით, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა დაახლოებით მილიონმა ადამიანმა. ღაზის სექტორში სურსათის, წყლის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორზე საავიაციო დარტყმების შემდეგ, ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.

15 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინური მხარის თანახმად, ომს უკვე 2600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG