Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია ღაზის მცხოვრებთ ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს


საილუსტრაციო ფოტო. ისრაელის არმიის სამხედროები პატრულირებენ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. ისრაელის არმიის სამხედროები პატრულირებენ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მახლობლად

ისრაელის არმიამ, რომელსაც პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასისთვის" ომი აქვს გამოცხადებული, დაადასტურა მანამდე გაეროს არხებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამოქალაქო მოსახლეობამ უნდა დატოვოს ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი ღაზა.

დღეს, 13 ოქტომბერს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივნის, ჯონათან კონრიკუსის ვიდეომიმართვა, რომ ღაზაში მცხოვრებ ყველა სამოქალაქო პირს, მათივე უსაფრთხოებისთვის და დაცვის მიზნით მოუწოდებენ ევაკუაციისა და სამხრეთში, ვადი-ღაზის რაიონში, გადასვლისკენ.

ისრაელის არმიის განცხადებით, „ჰამასი" მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებს და ტერორისტები ქალაქ ღაზაში იმალებიან უდანაშაულო სამოქალაქო პირების სახლებსა და მათ ქვეშ არსებულ გვირაბებში. ისრაელის არმიის თანახმად, ღაზის მცხოვრებნი ქალაქში დაბრუნებას შეძლებენ მას შემდეგ, რაც გავრცელდება ახალი შეტყობინება შესაბამისი ნებართვის შესახებ.

ისრაელის არმიის ამ განცხადებამდე გაერომ გაავრცელა ღაზის სექტორში თავისი წარმომადგენლებისგან მიღებული ცნობა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ მოსთხოვა 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში. გაეროს თანახმად, ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარია.

გაერო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.

სავარაუდოა, რომ ღაზის მცხოვრებთათვის ევაკუაციისკენ მოწოდება უკავშირდება ისრაელის გადაწყვეტილებას სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ.

7 ოქტომბრიდან, როცა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. ისრაელის ავიაცია 7 ოქტომბრიდან ინტენსიურად ბომბავს „ჰამასის“ ობიექტებს ღაზის სექტორში. ამასთან, ღაზის საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა მობილიზებულია ისრაელის 300 ათასზე მეტი რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას.

გაეროს მიერ 13 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 423 378-მა ადამიანმა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ისრაელმა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი სრულ ბლოკადაში მოაქცია. ჩაკეტილია ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გასასვლელიც. გაერო და ევროკავშირი გმობენ ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმას და ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს. გაერო და ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დაცვა და სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა.

ისრაელის მთავრობის წევრმა, ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზის სექტორი ვერ მიიღებს ელექტროენერგიას, წყალს და საწვავს, სანამ „ჰამასი" მძევლებს არ გაათავისუფლებს. მინისტრმა ყველას მოუწოდა, ისრაელს მორალს ნუ ასწავლიან.

  • ისრაელის წყაროები 12 ოქტომბერს იუწყებოდნენ, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 1300 ადამიანი, მათ შორის 200-ზე მეტი სამხედრო, დაჭრილთა რიცხვი კი 3200-ს აღემატება. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეებიც. „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.
  • ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 1537 და დაჭრილია 6612 ადამიანი.

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.

„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG