Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხელისუფლების დამხობის" საქმეზე სუსში დაიბარეს "ფორმულის" ფოტოგრაფი


ვახო ქარელი, ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი
ვახო ქარელი, ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი

ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი ვახო ქარელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ეს არის ე.წ. რევოლუციური სცენარით "ხელისუფლების დამხობის" საქმე, რომლის ფარგლებშიც არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით.

ვახო ქარელი რამდენიმე დღის წინ, 29 სექტემბერს, თბილისში ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდა, როგორც ფოტოჟურნალისტი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იგი სწორედ ამ მიზეზით არის დაბარებული.

ვახო ქარელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სუსის თანამშრომელმა უწყისი ჩააბარა სასტუმრო "მარიოტში", სადაც ერთ-ერთ ტრენინგზე იმყოფება. იგი ამბობს, რომ არ მიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თანხმდება მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას.

საქმეზე უკვე გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე და ტრენერი ნინო გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.

„[ისინი] წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორის, აშშ-ის, დაფინანსება იხარჯება ქვეყანაში არეულობის მოწყობის ინსპირაციაში.

USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.

XS
SM
MD
LG