Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ გააგრძელებს იმ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც ხალხს ეხმარებიან


ფოტოილუსტრაცია: საქართველოსა და აშშ-ის დროშები
ფოტოილუსტრაცია: საქართველოსა და აშშ-ის დროშები

USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

„USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩო ადასტურებს, რომ ორ წელზე მეტია, CANVAS-თან თანამშრომლობს.

„მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას", - აღნიშნავს ის.

შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ გააგრძელებს ქართული ორგანიზაციების დახმარებას.

„მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები", - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორის, აშშ-ის, დაფინანსება იხარჯება ქვეყანაში არეულობის მოწყობის ინსპირაციაში.

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაღალი თანამდებობის პირები პარტია "ქართული ოცნებიდან" საქართველოში მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობენ. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომელთაც ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.

USAID-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმის შესახებ, მთავრობასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით რას აკეთებს ორგანიზაცია 1992 წლიდან საქართველოში, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და კანონის უზენაესობას. ამ ინფორმაციის თანახმად, "ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს".

XS
SM
MD
LG