ისრაელის არმიამ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობა, რომ 1200-მდე გაიზარდა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოკლულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. 10 ოქტომბრის ღამისთვის დადასტურებული იყო 1000 ადამიანის სიკვდილი.
ისრაელის დასახლებებში, რომლებიც ღაზის სექტორს ესაზღვრება, რამდენიმე დღეა პოულობენ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმისას მოკლულთა გვამებს.
დღეს დილით მონაცემები განაახლა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომაც. მისი ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 950 ადამიანი. ერთი დღით ადრე ეს რიცხვი 900-მდე იყო.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
- „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.
„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.