ბლოკადა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების წვდომას პირველადი აუცილებლობის საქონელზე, „აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით“, განაცხადა სამშაბათს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა რავინა შამდასანიმ.
მისი კომენტარი მოჰყვა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის გუშინდელ განკარგულებას, ღაზის სექტორის „სრული იზოლაციის“ შესახებ. გალანტის თქმით, პალესტინელთა ანკლავს სრულიად შეუწყდება ელექტროენერგიით, სურსათით, წყლითა და საწვავით მომარაგება მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ გასული კვირის ბოლოს ისრაელზე სისხლიანი თავდასხმა განახორციელა.
„ეს რისკები სერიოზულად ამწვავებს ისედაც მძიმე მდგომარეობას ღაზაში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების თვალსაზრისით, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებას, განსაკუთრებით - დაჭრილთა რაოდენობის ზრდის პირობებში“, - თქვა შამდასანიმ ჟენევაში, ადამიანის უფლებების ჰუმანიტარული ოფისის წარმომადგენელთან, იენს ლერკესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლერკეს თქმით, ღაზისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტა 610 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება და სასმელი წყლის მწვავე დეფიციტს გამოიწვევს.
გაეროს თანახმად, შაბათის შემდეგ ღაზის სექტორში ადგილნაცვალ პირთა რაოდენობამ 187500-ს გადააჭარბა.
ლერკეს თქმით, შაბათიდან მოკიდებული, ღაზაში დაზიანდა ოთხი სკოლა და რვა სამედიცინო დაწესებულება. ქუჩებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევა გადაადგილებაში უშლის ხელს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებსა და სამედიცინო ბრიგადებს, რომლებიც დაზარალებულებთან მისვლას ცდილობენ.
დღესვე გაერომ განცხადება გააკეთა კონფლიქტის ზონაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებ.
„უკვე არსებობს იმის აშკარა მტკიცებულებები, რომ ისრაელსა და ღაზაში ძალადობის უკანასკნელი აფეთქების დროს შესაძლოა ჩადენილიყო სამხედრო დანაშაულები და ყველა, ვინც საერთაშორისო სამართალი დაარღვია და თავს ესხმოდა სამოქალაქო მოსახლეობას, უნდა გასამართლებულ იქნეს თავისი ბოროტმოქმედებებისთვის“, - ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის ავტორია გაეროს „საგამოძიებო კომისია, რომელიც აგროვებს მტკიცებულებებს 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ყველა მხარის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ“.
კომისია აგროვებს და აფასებს ინფორმაციას ყველა მხარის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა „ჰამასმა“ დაიწყო კომპლექსური თავდასხმა ისრაელზე, ისრაელის ჯარებმა კი ამას უპასუხეს ღაზაზე ავიადარტყმებით.
განცხადებაში ლაპარაკია პალესტინელთა შეიარაღებული რაზმების მიერ ასობით უიარაღო სამოქალაქო პირის დახვრეტაზე, რასაც ის „საზიზღარსა და დაუშვებელს“ უწოდებს. „სამოქალაქო პირების მძევლებად აყვანა და ცოცხალ ფარად მათი გამოყენება სამხედრო დანაშაულია“, - წერენ განცხადების ავტორები.
კომისია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის მიერ ღაზის სექტორის სრული ბლოკადის გამოცხადებაზე, რაც, მათი თქმით, აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეს. კომისიის თანახმად, „ეს კოლექტიურ სასჯელს წარმოადგენს“.
კომისიას გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის ინდივიდუალური სისხლის სამართლისა და ჯგუფური პასუხისმგებლობა.
გაეროს კომისია ისრაელის ჯარებსა და პალესტინელთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი.