რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასთან" ომის მდგომარეობაში მყოფ ისრაელში ჩავიდა აშშ-ის მიერ გაგზავნილი საბრძოლო მასალებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი და სააგენტო Reuters-ი იუწყებიან ისრაელის არმიის სამხედროებზე დაყრდნობით.
ამერიკული თვითმფრინავი 10 ოქტომბერს დაეშვა ისრაელის სამხრეთში, ნევატიმის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ იმუშავებს კონგრესთან, რათა უზრუნველყოს დამატებითი სახსრების მობილიზება ისრაელის მხარდასაჭერად და ისრაელს ჰქონდეს თავდაცვის საშუალებები. აშშ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ძალებიც.
11-13 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს და იორდანიას ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ისრაელს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებს ტერორისტული შეტევით გამოწვეული მსხვერპლის გამო და ისრაელის მთავრობას და ხალხს დაუდასტურებს აშშ-ის სოლიდარობას.
მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენი განიხილავს ისრაელის უსაფრთხოების ზომების განმტკიცების საკითხებს და ხაზს გაუსვამს ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
- „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.