Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ მხარს უჭერს ისრაელს "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლაში


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 7 ოქტომბერი, 2023.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 7 ოქტომბერი, 2023.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს საღამოს თეთრ სახლში გამოსვლისას ისაუბრა პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელსა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ.

ბაიდენმა თქვა, რომ „ჰამასის“ ქმედებები მოგვაგონებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ ყველაზე სისხლიან ტერორისტულ თავდასხმებს და „სუფთა სახის ბოროტება“ უწოდა მათ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის უფლებებს, ერთადერთი ამოცანა, რომელსაც ის აყენებს, არის ებრაელების მოკვლა. ბაიდენმა დამსწრეთ შეახსენა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაახლოებით ათასი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის 14 მოქალაქე; ჯიჰადისტმა თავდამსხმელებმა დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, ჰოლოკოსტს გადარჩენილების ჩათვლით. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა „ჰამასის“ მიერ მძევლების აყვანა, მათ შორის არიან ამერიკის მოქალაქეებიც.

ბაიდენმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს. პრეზიდენტის თქმით, ისრაელს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ პასუხისმგებლობაც, დაიცვას საკუთარი თავი. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, „დაიცვან ომის კანონები“.

ბაიდენმა თქვა, რომ ის იმუშავებს კონგრესთან, რათა უზრუნველყოს დამატებითი სახსრები ისრაელის მხარდასაჭერად და უზრუნველყოს, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის საშუალებები. მან, კერძოდ, ახსენა საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები. შეერთებული შტატები ასევე მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნოს. ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები ასევე აფრთხილებს ნებისმიერ მესამე ქვეყანას ან ორგანიზაციას, არ ეცადოს, რომ ისარგებლოს კონფლიქტის გამწვავებით. პრეზიდენტმა ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ისრაელის მხარდაჭერა არის არა პოლიტიკის, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-შიც.

სამშაბათს საღამოსვე გამოცხადდა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მალე ეწვევა ისრაელს. ის სოლიდარობას გამოუცხადებს ისრაელის ხალხს და ასევე განიხილავს მძევლების გასათავისუფლებლად აუცილებელ ზომებს.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებულმა რაზმებმა ღაზის სექტორიდან შეუტიეს ისრაელს. მრავალი ცნობით, თავდასხმის დროს მოიერიშეებმა მოკლეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. ისრაელის სამხედროებმა საპასუხო ოპერაცია დაიწყეს. ღაზის სექტორი მასიურად დაიბომბა, პალესტინელთა შორის დაღუპულთა რიცხვი 800-ს აჭარბებს. ზონაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ისრაელის ლიდერები და სამხედროები აცხადებენ, რომ ოპერაცია ისახავს სერიოზულ მიზანს - „ჰამასის“ პოტენციალის სრულ განადგურებას. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ისრაელს, ამასთან, ისინი ამტკიცებენ, რომ „ჰამასს“ არ აკავშირებენ პალესტინელ ხალხთან და კვლავაც უჭერენ მხარს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.

XS
SM
MD
LG