Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი განაგრძობს ღაზაზე ავიადარტყმებს და სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება


ისრაელის არმიის შეტევის შედეგად დანგრეული შენობები ღაზის სექტორში. 2023 წლის 9 ოქტომბერი
ისრაელის არმიის შეტევის შედეგად დანგრეული შენობები ღაზის სექტორში. 2023 წლის 9 ოქტომბერი

ისრაელის არმიამ დღეს, 10 ოქტომბერს, განაცხადა, რომ სრულად უზრუნველყოფს ღაზის სექტორთან საზღვრის უსაფრთხოებას. ეს საზღვარი 7 ოქტომბერს რამდენიმე ადგილას გაარღვიეს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ჯგუფებმა და ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე და ღაზის სექტორის ზოგიერთ რაიონში ნაპოვნია 1 500-მდე თავდამსხმელის ცხედარი.

ისრაელის ავიაცია ღაზის სექტორზე დარტყმებს გასული ღამის განმავლობაშიც განაგრძობდა. სარდლობის მონაცემებით, განადგურებულია „ჰამასის“ 200-მდე ობიექტი. ისრაელის არმიის წარმომადგენლის, რიჩარდ ჰეხტის განცხადებით, ღაზის სექტორის საზღვართან, სადაც 35 ბატალიონი განთავსდება, იქმნება მომავალი ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სავარაუდოა, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე ფართომასშტაბიან სახმელეთო შეტევას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საავიაციო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია.

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას ურჩია, საბრძოლო მოქმედებების ზონა ეგვიპტის საზღვართან მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტით დაეტოვებინა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს პუნქტი დაკეტილია. მეორე მხრიდან ღაზის სექტორი ესაზღვრება ისრაელს, რომელმაც 9 სექტემბრიდან ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია.

  • 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
  • 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
  • 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
  • 9 ოქტომბრის ღამის მონაცემებით, ისრაელში მოკლულია 900-ზე მეტი ადამიანი - როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები. დაიჭრა სულ მცირე 2 616 ადამიანი. ღაზის სექტორში მოკლულია სულ მცირე 687 და დაჭრილია 3 800.
  • „ჰამასს“ მძევლად ჰყავს რამდენიმე ათეული ადამიანი.

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.

„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG