რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელიდან მძევლად აყვანილი ადამიანების დახოცვით იმუქრება, თუ ისრაელის არმია ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას წინასწარ გაფრთხილების გარეშე დაბომბავს. მძევლები, რომელთა შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც არიან, „ჰამასის“ ხელში აღმოჩნდნენ 7 ოქტომბრიდან, ისრაელზე ამ ისლამისტური დაჯგუფების თავდასხმის შედეგად.
„ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენელმა აბუ ობაიდამ ტელეგრამით გაავრცელა განცხადება, რომ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ მყოფ პალესტინელებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე ნებისმიერი თავდასხმის პასუხად მძევლებს დახოცავენ და ამას ტელევიზიით აჩვენებენ. „ჰამასი“ ირწმუნება, რომ მძევლად ჰყავს 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ისრაელის არმიის ოფიცრები. 9 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისიც განაცხადა, რომ სანამ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მძევლების საკითხზე მოლაპარაკებას არ აპირებს.
გამოცემა Times of Israel-მა რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით 9 ოქტომბერს დაწერა, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე დარტყმების ტაქტიკა შეცვალა და მშვიდობიან მოსახლეობას წინასწარ აღარ გააფრთხილებს შეტყობინებების გაგზავნით ან ბომბის მულაჟის ჩამოგდებით. ამასთან, გამოცემის წყაროთა თანახმად, ღაზის სამოქალაქო მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ უნდა დატოვოს „ტერორისტების მიერ დაკავებული ცენტრალური რაიონები“.
9 ოქტომბერს მედიით ვრცელდებოდა ცნობები, რომ მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკების დაწყებას და შუამავლობას კატარი ცდილობდა. ისრაელმა „ჰამასთან“ მოლაპარაკების შესაძლებლობა უარყო.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
- 9 ოქტომბრის ღამის მონაცემებით, ისრაელში მოკლულია 900-ზე მეტი ადამიანი - როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები. დაიჭრა სულ მცირე 2 616 ადამიანი. ღაზის სექტორში მოკლულია სულ მცირე 687 და დაჭრილია 3 800.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.
„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.