Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქე ისრაელის ქალაქ ბათ-იამიდან: ვინც იარაღის ხმარება იცის, ყველა საბრძოლველად მიდის


ისრაელის ერთ-ერთი ქალაქი ღაზის სექტორიდან თავდასხმის შემდეგ. 7 ოქტომბერი, 2023 წ.
ისრაელის ერთ-ერთი ქალაქი ღაზის სექტორიდან თავდასხმის შემდეგ. 7 ოქტომბერი, 2023 წ.

“დღეს ხუთჯერ ვიყავი თავშესაფარში ჩასული” - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფო ფიფია შვარცი. ის ისრაელში, თელავივის მახლობლად მდებარე ქალაქ ბათ-იამიში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

დილას ოჯახი საჰაერო განგაშმა გააღვიძა. 7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა გაერთიანება “ჰამასმა” ისრაელზე როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო შეტევა მიიტანა. დღის პირველ საათზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რაც ისრაელში ხდება, ეს ომია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობისთვის მზაობა გამოაცხადა. სოფო ისრაელში უკვე 25 წელია ცხოვრობს და ამბობს, რომ დაპირისპირება ისრაელსა და პალესტინას შორის ასეთი სერიოზული ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა იმის მიუხედავად, რომ მათთვის არც ღაზას სექტორიდან ნასროლი ჭურვებია სიახლე და არც რამდენიმედღიანი შეიარაღებული დაპირისპირება.

სოფო ფიფია შვარცი
სოფო ფიფია შვარცი

“ქუჩაში რომ გაიხედოთ, გზები გადატენილია საცობებით. ყველა, ვისაც კი იარაღი ჭერია და იცის მისი მოხმარება, ყველა მიდის თავისი ფეხით იარაღის ასაღებად და საბრძოლველად. ასევე გადატენილია საავადმყოფოები: ყველა გეგმიური ოპერაცია არის გაუქმებული დროებით, ძალიან ბევრი დაჭრილია, რიგებია სისხლის დონორების, არ არის სისხლის ბანკში იმდენი სისხლი, რამდენის საჭიროა დაჭრილებისთვის. სკოლებში გადაიდო სწავლა. გატენილია სუპერმარკეტებიც: ყველა ცდილობს მარაგების გაკეთებას, ყველამ იცის რომ დღეს და ხვალ ეს არ დამთავრდება. დღეს უკვე ხუთჯერ ვიყავით ჩასული თავშესაფარში, ამ ქალაქში ხუთჯერ იყო საჰაერო განგაში, სანაპიროზე დააკავეს 3 თუ 4 ტერორისტიც.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს არ არის რამდენიმედღიანი დაპირისპირება, არის ძალიან რთული მდგომარეობა და ომი” - გვიყვება სოფო.

შაბათ დილას, როცა “ჰამასმა” ისრაელზე შეტევა მიიტანა, მას სტუმრად ჰყავდა დედა საქართველოდან და მეუღლის მამიდა ახალი ზელანდიიდან. დედას 7 ოქტომბერს იერუსალიმში ექსკურსია ჰქონდა დაგეგმილი. მისი ავტობუსი სხვა ტურისტების ავტმობილებთან ერთად იერუსალიმის მისადგომებიდან უკან მოაბრუნეს ტურისტების უსაფრთხოების არგუმენტით. ამ დროისთვის გადადებულია ფრენებიც როგორც თელავივიდან, ისე სხვა ქალაქებიდან.

“ეს არ არის მხოლოდ დაბომბვა, შემოიჭრნენ მანქანებით ისრაელის ტერიტორიაზე, ისვრიან მანქანებიდან, შედიან სახლებში, იტაცებენ ადამიანებს. გვაქვს ინსტრუქცია რომ დავრჩეთ სახლში, მაგრამ სახლშიც არ არის უსაფრთხო” - ამბობს სოფო და გვიზიარებს უახლეს სტატისტიკას დაშავებულების და დაღუპულების შესახებ. ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის პირველი დღის ბოლოს დაღუპულია ასამდე ადამიანი, დაჭრილების რიცხვი ათასს აჭარბებს. გატაცებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროპის ქვეყნების ლიდერებმა. ისრაელის მხარდასაჭერი ტექსტები გამოაქვეყნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს საელჩომ 7 ოქტომბრის დღის ბოლო ცხელი გააქტიურა. საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია მოსახლეობას მოუწოდებს:

"თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

+972526919092;

+972 52-8888513;

+972 54-7386813"

XS
SM
MD
LG