ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელი შეშფოთებით ადევნებს თვალს ისრაელის მოვლენებს. „ჩვენ ცალსახად ვგმობთ ჰამასის თავდასხმებს“, - დაწერა ბორელმა ტვიტერში. ევროკავშირის დიპლომატმა სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაგმო ღაზის სექტორიდან ისრაელზე თავდასხმა და გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. „ჩვენ სრულად სოლიდარული ვართ ისრაელთან“, - ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა.
„დიდი ბრიტანეთი ცალსახად გმობს ჰამასის საზარელ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეებზე. გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი“, - დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ტვიტერში.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით.
თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ესკალაცია ისრაელსა და პალესტინელებს შორის. ქვეყანა ყურადღებით აკვირდება უპრეცედენტო ვითარების განვითარებას, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თეირანი მხარს უჭერს პალესტინელთა დაჯგუფებებს, თქვა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, გენერალმა რაჰიმ საფავიმ.
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პალესტინური ჯგუფების მხარდამჭერი პოსტი გამოქვეყნდა.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს მოუწოდა, შეაჩერონ კონფლიქტის ესკალაცია და მომხდარისთვის ისრაელს დააკისრა პასუხისმგებლობა.
პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელ ხალხს უფლება აქვს, თავი დაიცვას „საოკუპაციო ძალებისგან“. აბასის სიტყვები Reuters-ს მოჰყავს.
7 ოქტომბრის დილიდან პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, მასიურად ბომბავს ისრაელს. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“ და ახორციელებს საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში. ათობით ისრაელელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მძევლად იქნა აყვანილი, ასობით ადამიანი დაიჭრა.
ჰამასის წევრებმა შეაღწიეს ისრაელის სასაზღვრო ქალაქებში: ომის დაწყებიდან 7 საათზე მეტი ხნის შემდეგ არცერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი, მათ შორის არც ქალაქი სდეროთი, არ დაბრუნებულა ისრაელის სრული კონტროლის ქვეშ. ღაზიდან შეჭრა მოხდა 1973 წლის იომ ქიფურის ომის დაწყებიდან 50 წლისთავზე.