Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ომში ვართ" - ისრაელის პრემიერ-მინისტრი


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანა ომშია.

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, ომში. და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ", - თქვა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, მან გასცა ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ და მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. ნეთანიაჰუს განმარტებით, ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. მან მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, მკაცრად დაემორჩილონ არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს.

ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც.

"ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა დღეს დილით და დაიწყო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ", - თქვა იოავ გალანტმა და დასძინა, რომ ისრაელის ჯარები "იბრძვიან მტრის წინააღმდეგ ყველგან", ხოლო "ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში".

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ მათ ოპერაცია "რკინის ხმლები" დაიწყეს. ამასთანავე ითქვა, რომ არსებობს საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო რეზერვისტების გაწვევაც დაამტკიცა.

ისრაელზე შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

ბოლო მონაცემებით, ჰამასის თავდასხმის შედეგად, ისრაელის, სულ მცირე, 300 მოქალაქე დაშავდა და 5 დაიღუპა. ჰამასმა ისრაელის სამხრეთის ქალაქებში შეაღწია. მათ რაკეტები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში გაისროლეს.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა" გამოაცხადა და თქვა, რომ ესაა შურისძიება ალ-აქსას მეჩეთის გამო.

ისრაელს მხარდაჭერას უცხადებენ ევროპელი პოლიტიკოსები.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს, რომ ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

XS
SM
MD
LG