Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი


სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი თელ-ავივის სიახლოვეს. 7 ოქტომბერი, 2023 წელი
სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი თელ-ავივის სიახლოვეს. 7 ოქტომბერი, 2023 წელი

ღაზის სექტორში მოქმედმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა წამოიწყეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო.

BBC იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით ნასროლია ასობით რაკეტა. ჰამასის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებით კი, საჰაერო თავდასხმისას გამოყენებულია 5000 რაკეტა. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაიჭრა, სულ ცოტა, ორი ადამიანი.

საინფორმაციო სააგენტო როიტერსის კადრებში ჩანს, რომ ხანძარია ქალაქ აშკელონში. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ქალაქ სდეროთში, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ. ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) მიერ გავრცელებულ პირველად ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ტერორისტების გარკვეულმა რაოდენობამ" ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია, და მშვიდობიან მოსახლეობას სთხოვს სახლში დარჩენას.

ისრაელის თავდაცვის ძალები ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდებენ, რომ დარჩნენ ბომბსაფარებთან ახლოს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი და პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დებენ პირობას, რომ დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, "მძიმე საზღაურს გადაიხდის". თავდამსხმელები კი ამ შეტევას "ოპერაცია ალ-აქსას წარღვნას" უწოდებენ და ამბობენ, რომ ესაა შურისძიება ალ-აქსას მეჩეთის დარბევის გამო.

XS
SM
MD
LG