საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. ის 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (ვეტოს ადებს).
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აგრეთვე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძისა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის კომენტარებს, რომლებიც ეხებოდა საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის პროცედურას.
„საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ კობახიძემ იხუმრა.
ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" შეკითხვას უპასუხა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.
„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, - თქვა კობახიძემ.
მდინარაძის თქმით, ეს განცხადება იყო ხუმრობა, რომელიც „ქართული ოცნების" ოპონენტებმა ვერ გაიგეს.
„მარტივად რომ ავხსნათ, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება იყო გაკეთებული და სოციალური ქსელები ჩამოიქცა, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპუნდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია, აღქმა ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა", - მდინარაძის კომენტარს „პირველი არხი" აქვეყნებს. მან დაამატა: „ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ".
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა 5 ოქტომბერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. ის 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (ვეტოს ადებს).
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
საკანონმდებლო ცვლილებებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი, მმართველი პარტია კი მის აუცილებლობას ასაბუთებს სუსის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გადატრიალება მზადდება.
საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.